უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსის სიახლოვეს, რომელშიც მძევლები იმყოფებიან, კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
მათი ინფორმაციით, ტერორისტმა ხელყუმბარა ისროლა. მამაკაცი ამ გზით ცდილობს მისი მოთხოვნების სტიმულირებას.
„სოციალური ახალი ამბების პირველი არხის“ ინფორმაციით, დამნაშავემ ინფორმაციის გადაცემის არხად, სწორედ ეს მედიასაშუალება აირჩია.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსთან რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. კერძოდ, აფეთქდა სამი ასაფეთქებელი პაკეტი.
შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო – პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.