დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად საზოგადოება – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მან განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალები და მათთან ერთად საზოგადოებაა.

,,გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! დღეს უჩვეულო 26 მაისია საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ აქ ვართ და გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება. დღევანდელი კრიზისის დროს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. ეს, უდავოდ ჩვენი ყველას გამარჯვებაა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ომი არ დასრულებულა და ამ უხილავ მტერთან ბრძოლას ვაგრძელებთ.

როდესაც მიღწეულ წარმატებაზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს, თუ რა როლი ითამაშა მასში პროფესიონალიზმმა. ერთი მხრივ, მთავრობამ დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მეორე მხრივ, ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია. ჩვენმა ჯარისკაცებმა მაღალ დონეზე შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, სადაც საჭირო იყო. და რაც მთავარია, საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნისა და მოყვასის სიყვარული. სწორედ პროფესიონალიზმმა განაპირობა  საზოგადოების მხირდან ნდობის გამოცხადა და ეს გახდა პირველი წარმატების საფუძველიც,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.