დანიაში კარანტინი შემსუბუქდა. ხალხი  საპარიკმახეროებს მიაწყდა

მას შემდეგ, რაც დანიამ ერთი თვის წინ შემოღებული კარანტინი ნაწილობრივ გააუქმა, ქვეყანაში პირველად გაიხსნა საპარიკმახეროები. თუმცა იქ მოხვედრა არც ისე ადვილია, რადგან თმის შეჭრის მსურველი ძალიან ბევრია.

“ნამდვილი სიგიჟეა. უახლოესი ორი კვირის მანძილზე ყველა წუთი დარეზერვებული გვაქვს“ – ეუბნება ბიბისის კოპენჰაგენის ცენტრში მდებარე საპარიკმახეროს მფლობელი, ფილ ოლანდერი.

ის ყვება, რომ მას შემდეგ, რაც პარასკევს ხელისუფლებამ კარანტინის შემსუბუქების შესახებ გამოაცხადა, მისი ჩაწერის ონლაინ სისტემამ დატვირთვას ვერ გაუძლო კლიენტების დიდი რაოდენობის გამო.

კოპენჰაგენის კიდევ ერთი საპარიკმახეროს მფლობელი ამბობს, რომ ყველა თანამშრომლის განრიგი სრულად არის გაწერილი უახლოესი სამი კვირის განმავლობაში და მათ ზეგანაკვეთური მუშაობა მოუწევთ, რომ ყველას მოემსახურონ, ვინც შეკვეთა მოასწრო.

ხელისუფლებამ მუშაობის უფლება მისცა ასევე ტატუ სალონებს, ოპტიკის მაღაზიებს, სტომატოლოგიურ კლინიკებს. მალე განახლდება მანქანის მართვის კურსებიც. თუმცა ყველა ამ კომპანიას ახალი, უფრო მკაცრი სანიტარული ნორმების დაცვა მოუწევს.

 

მაგალითად, საპარიკმახერომ ყოველი კლიენტის მომსახურების შემდეგ სრულფასოვანი დალაგების პროცედურა უნდა ჩაატაროს, დეზინფექცია გაუკეთოს ყველა სავარძელს, ინსტრუმენტებს, კარის სახელურებს, სალარო აპარატს და ბარათის წამკითხველ ტერმინალს.

ახალ პირობებში საპარიკმახეროების დიზაინიც კი  შეიცვალა. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო გააფართოვეს მოსაცდელი ადგილები, მოაშორეს პრიალა ჟურნალები, რომლებსაც ტრადიციულად მომლოდინე კლიენტები ფურცლავდნენ ხოლმე.

საპარიკმახეროების უმრავლესობა გახსნისთვის კარგად მოემზადა. ბევრი სტილისტი კლიენტებს ნიღბით ემსახურება. ერთი თვის მანძილზე შემოსავლების გარეშე დარჩენილი საპარიკმახეროები შეზღუდვების და რეგულაციების მიუხედავად ძალიან გახარებულები არიან, რომ მუშაობის უფლება მიეცათ. თუმცა, როგორც ამბობენ ჯერჯერობით ხანდაზმულები მათთან არ დადიან და ძირითადად ახალგაზრდებს ემსახურებიან.

დანიამ ევროპაში ერთ–ერთმა პირველმა შემოიღო კარანტინი და მისი მოხსნაც ერთ–ერთმა პირველმა დაიწყო . გასულ კვირას იქ მუშაობა განაახლეს საბავშვო ბაღებმა და დაწყებითმა სკოლებმა.

თუმცა, ბევრი შეზღუდვა 10 მაისამდე ძალაში რჩება. საზღვრებიც ჯერჯერობით ჩაკეტილია. კვლავ იკრძალება ერთად 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა.

 

კარანტინის პერიოდში ევროპელებს ბევრ ჩვევაზე მოუწიათ უარის თქმა.თუმცა როგორც ირკვევა ერთ–ერთი მთავარი პრობლემა მათთვის სწორედ საპარიკმახეროების დახურვა იყო. როიტერს საბერძნეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა მოყავს, რომლის მონაწილეთა მესამედმა განაცხადა, რომ კარანტინის გაუქმების შემდეგ მათთვის ყველაზე ღირშესანიშნავი მოვლენა თმის შეჭრა იქნება.

ბერძნებმა ჯერ არ იციან, როდის მიეცემათ ეს უფლება. შვედებს კი უკვე ერთ კვირაში შეეძლებათ თმის შეჭრა.

როიტერის ინფორმაციით ამის შემდეგ სალონები გაიხსნება გერმანიაში, ავსტრიაში და პორტუგალიაში.

დანიაში, რომლის მოსახლეობა 5.8 მილიონია კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შედარებით დაბალი მაჩვენებელია. აქ დაინფიცირებულთა რაოდენობა 7 695–ს აღწევს, გარდაცვლილია 370 ადამიანი. ამ ხნის მანძილზე დანიაში 100 543 ადამიანი გაიტესტა.