დანია კარანტინის პირობების შემსუბუქებას იწყებს

დანია კარანტინის პირობების შემსუბუქებას იწყებს. იგივეა მოსალოდნელი ავსტრიაში.

ორშაბათს დანიაში ზოგიერთი ბიზნესი გაიხსნება, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელი ბიზნესის კატეგორიას არ განეკუთვნებიან. ოთხშაბათს 11 წლამდე ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან. დაინიამ ევროპულ ქვეყნებს შორის პირველმა შემოიღო მკაცრი კარანტინი ერთი თვის წინ და ხელისუფლება თვლის, რომ ამით კორონავირუსის გავრცელების კონტროლი შეძლეს. ქვეყნის საზღვრები ჯერჯერობით ჩაკეტილი დარჩება.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს ნაციას მიმართავს და კორონავირუსის შეკავების შემდგომი ზომების შესახებ აცნობებს. მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში 15 აპრილამდე გამოცხადებული მკაცრი კარანტინი კვლავ გაგრძელდება. რამდენიმე დღიანი ვარდნის შემდეგ საფრანგეთში ყოველდღიურად გარდაცვლილთა მაჩვენებელმა კვლავ ზრდა დაიწყო.