ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმას ეხმიანება ოცნების მერობის კანდიდატი რუსთავში, ნინო ლაცაბიძე და ამბობს, რომ ძალადობა ენმ-ს ხელწერაა.
„დღეს რუსთავში დაპირისპირება და ხელოვნურად შექმნილი მძიმე საარჩევნო ფონი თუ ვინმეს აწყობს, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა – ადამიანების დაშინება, ზეწოლა, ფიზიკური შეურაცხყოფა და განსაკუთრებულად ეს კარგად გამოსდიოდა დავირ კირკიტაძეს და დღესაც წარმატებით აგრძელებს ამას რუსთავში”,– ამბობს ლაცაბიძე “იმედთან” საუბრისას.
მისივე განცხადებით, მთელი არჩევნების განმავლობაში მოუწოდებდნენ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში ჩატარების საშუალება მიეცათ.
“სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ერთი რამით არიან დაკავებულები – ეს არის დესტრუქცია, ტყუილზე აგებული საარჩევნო კამპანია და ამას აგრძელებენ დღესაც. 3 და 4 ადამიანი კი არა, ათასობით ადამიანი, ოჯახები იყვნენ რეპრესირებულები მათ დროს და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ამაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც ძალადობის მეტი არაფერი უკეთებია და დღესაც ამას აგრძელებს“, – განაცხადა ლაცაბიძემ.
ცნობისთვის, ქართული ოცნების მხარდამჭერები რუსთავში ენმ-ს ოფისს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაცმოძრაობის წევრებს, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატს. ფაქტზე შსს-მ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, თავდამსხმელები დასაჯოს.