უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით ოკუპანტის არმიის რიგებში მებრძოლ ჩეჩნებსა და ბურიატებს შორის დიდი დაპირისპირება მოხდა, რაც სროლით გაგრძელდა. ინციდენტი ხერსონის ოლქში ოკუპირებულ კისელევკაში ღამით მოხდა და მასში თითოეული მხრიდან 50–ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. დაჭრილების და მოკლულების ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ერთ–ერთი მიზეზი უკრაინული დაზვერვის თქმით ის გახდა, რომ ბურიატებს არ სურდათ შეტევით ბრძოლაში მონაწილეობა ჩეჩნებთან არათანაბარ პირობებში. ჩეჩნები გავრცელებული ინფორმაციით სულაც არ იბრძვიან წინა ხაზზე, არამედ ზურგში რჩებიან და წინა რიგებში მებრძოლ ჯარისკაცებს ზურგიდან დარაჯობენ, რომ მათ უკან არ დაიხიონ და აქტიურად იბრძოლონ. ისინი ცეცხლს უხსნიან ჯარისკაცებს, ვინც უკან დახევს გადაწყვეტს.
დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით ნაძარცვის არათანაბარი განაწილება გახდა. ყველაზე “კარგ ლუკმას“ მაროდიორობის შედეგად მოპოვებული ნადავლიდან ჩეჩნები იღებენ.
გარდა ამისა, უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით დაპირისპირება მოხდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ფედოროვკაში რუსული სამხედრო ნაწილების მეთაურებსა და პირად შემადგენლობას შორის. რუსები ადგილობრივებთან ჩივიან, რომ კონტრაქტებზე ხელი თაღლითობით მოაწერინეს და თანხმობა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე მოტყუებით ათქმევინეს.
როგორც ირკვევა, მათ პირდებოდნენ ოპერაციაში მონაწილეობას “ყირიმის სცენარით“, ანუ პირდებოდნენ, რომ უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობა არ იქნებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელს გამოუყოფდნენ და მშვიდად იმსახურებდნენ.
რეალური სურათის ნახვის შემდეგ კი ბევრმა რუსმა სამხედრომ სამსახურზე უარი თქვა. ამან კი კონფლიქტი გამოიწვია, რომლის გასარჩევად ადგილზე “ფეესბე“–ს წარმომადგენლებიც კი ჩავიდნენ. სამხედრო მოსამსახურეთა ნაწილი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მსახურების ადგილზე ისინი აღარ დაბრუნებულან.