დაჟინებით მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნულიო ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

ექსპრეზიდენტი 47-ე დღეა შიმშილობს და მის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ხელისუფლება შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანს.

გაყრელიძის თქმით, ექსპრეზიდენტს ყველა აუცილებელი დახმარება უნდა გაეწიოს.

“მე ვიცნობ საკმაოდ კარგად საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთანაც, კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ მის მამასთან, ასევე დედასთან. ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ ის გახდა პაციენტი, მე ექიმი ვარ და ჩვენთვის, როცა ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, პაციენტი, იქნება ეს უმაღლესი თანამდებობის, დაბალი, ჩვენ არ ვანსხვავებთ. ექიმის მოვალეოებაა, პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება.

მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, დაჟინებით მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია. ძალიან სწრაფად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. მე ვენდომი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია”,– ამბობს გამყრელიძე.

მისი განცხადებით, გაფართოებულმა კონსილიუმმა უნდა დაასკვნას, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება სააკაშვილს და – სად.

“დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას, მათ თქვან, რა ტიპის ჯანდაცვითი მონიტორინგი სჭირდება დღეს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება, რა ტიპის რეაბილიტაცია და სად უნდა ჩატარდეს ეს”, – განაცხადა გამყრელიძემ.