”დარწმუნებული ვარ საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების პროცესს” – საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ყველა უწყება ჩართულია იმაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ზაზა გახელაძის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით.
„ყველა უწყება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, თავისი მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და ასევე, ყველა ფორუმის მაქსიმალურად გამოყენება იმისათვის, რომ ეს უკანონო დაკავება იყოს წამოწეული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შორის. ეს არის ცალსახად პროვოკაციული ქმედება და არის მიმართული ქვეყნის შიგნით დაძაბულობის გამოწვევის თვალსაზრისით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად დაემთხვა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს, რომელმაც ერთხმად აღიარა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და ის ფაქტი, რომ იქ შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ძალას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით მუშობს თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჟენევის პროცესის ყველა ძირითად აქტორთან ერთად, რომელიც უკვე ინფორმირებულია. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან წამოვიდა დამგმობი განცხადებები. ვიხილეთ აშშ-ს, ევროკავშირის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ამ უკანონო დაკავების პროცესს და იქნება ისე, როგორც წინა უკანონო დაკავების შემთხვევებში, საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება ერთიანი ამ მოთხოვნაში. ჩვენ ამას შევძლებთ და მაქსიმალურად შევეცდებით, ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).