ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, რომლითაც მან უკრაინის ტერიტორიები ლუგანსკი და დონეცკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, გერმანიის კანცლერმა მაშინვე დაგმო. ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ეს „მინსკის შეთანხმების ცალმხრივი დარღვევაა“.
ინფორმაციას კანცლერის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა პრაზიდენტ პუტინს უთხრა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
კრემლის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შემდეგ განცხადება გაავრცელა ლატვიამაც.
„ლატვიის სახელმწიფოს უმაღლესი ოფიციალური პირები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. უკრაინის ტერიტორიების ლუჰანსკისა და დონეცკის ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს არის უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა,“- წერია განცხადებაში, რომელიც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც, რომელიც ამბობს, რომ პასუხი ერთიანი და მტკიცე იქნება.
„უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება, საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმების აშკარა დარღვევაა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები ერთიანად, მტკიცედ და მიზანდასახულად მოახდენენ რეაგირებას,“- დაწერა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.
პუტინის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია. ჯონსონი აქვე განმარტავს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს და დამატებით ზომებს მიიღებს.
ამ დროისთვის განცხადება არ გაუკეთებია ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც უსაფრთხოების მრჩეველს ხვდება უკრაინაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ მან, ან პრეზიდენტის პრესოფისმა განცხადება შეხვედრის შემდეგ გააკეთოს.
კრემლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების აშკარა დარღვევაა. ევროკავშირის და მისი პარტნიორების რეაგირება იქნება ერთიანი,“ – წერს “ტვიტერზე” ევროკომისიის პრეზიდენტი.
განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმაც. მისი თქმით ევროპაში სულ იცოდნენ, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ აპირებდა.
„პუტინის მიერ ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარება, იმის აღიარებაა, რაც ჩვენ ვიცოდით: რუსეთი ყოველთვის იყო (ამ ) სეპარატისტებზე პასუხისმგებელი და რუსეთი არასდროს აპირებდა მინსკის შეთანხმების შესრულებას,“- წერს კრამონი “ტვიტერზე”.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი კი მანამდე ამბობდა, რომ რუსეთის ამ ქმედების გამო რუსულ-გერმანული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი2“ საერთოდ აღარ უნდა ამუშავდეს.
„დონეცკისა და ლუჰანსკის “დამოუკიდებლობის” აღიარება კრემლის მიერ უნდა ნიშნავდეს, გერმანიისა და ევროკავშირის მიერ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” დაუყონებლივ “არაღიარებას”. სამუდამოდ,“- დაწერა კუბილიუსმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების – ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ორშაბათს საღამოს მოაწერა ხელი.
სატელევიზიო ეთერით გამოსვლის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ამ სეპარატისტული რეგიონების ლიდერებთან ერთად “მეგობრობის, ურთიერთდახმარებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ” დეკლარაციებსაც მოაწერა ხელი.
მანამდე ამ საკითხზე მსჯელობა ვლადიმირ პუტინმა კრემლის მაღალი თანამდებობის პირებთან გამართა, სადაც მათ პრეზიდენტს საკუთარი პოზიციები უკვე გააცნეს. ყველა მათგანი ამბობდა, რომ რუსეთს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა უნდა გამოეცხადებინა.
პუტინს გასულ კვირას რუსულმა „დუმამაც“ მიმართა, რათა მას ეღიარებინა დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობა. დღეს კი ვლადიმირ პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტთა ლიდერებმა მიმართეს.
წყარო: ამერიკის ხმა