“აზრი არა აქვს დამალვას, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ევროპარლამენტს შორის ურთიერთობა გასულ წელს იყო საკმაოდ ქარიშხლიანი და ქაოტური. ალბათ გახსოვთ ორი რეზოლუციაც, ერთი მედია თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ, მეორე კი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი დღეს ვიქნებით საკმარისად გულწრფელნი და განვიხილავთ ყველა, მათ შორის ძალიან რთულ საკითხებს.
ნება მომეცით დავიწყო პოზიტიური ნოტით: IRI-ს მიერ აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საქართველოში დაფიქსირდა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რეკორდული რაოდენობა – 89%. სწორედ ამიტომ, საკუთარი ხალხისთვის და არა ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლებამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რომელიც საჭიროა ქართველი ხალხის სურვილის ასასრულებლად. ახლა არის დრო, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა და ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი დარჩება ის ღია. ის შეიძლება მალე დაიხუროს, ამიტომ ეს ისტორიული შანსი გამოყენებულ უნდა იქნას. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა არც თუ სასიამოვნო მომენტებს, თუმცა მანამდე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ არ ვცდილობთ ვინმეს დამორჩილებას. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც მეგობრები, პარტნიორები და თანასწორები.
წლების წინ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი იყო. ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტის მიმართულებით არის არასრული და ხშირად ზედაპირული. შედეგად, საქართველო დღეს ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ბევრ საკვანძო საკითხში.[…] მეორე საკითხი ის არის, რომ ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროპული ინსტიტუტებიდან და დასავლელი პარტნიორები უკვე დაღლილები არიან საქართველოს მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობთ საქართველო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე დავიყოლიოთ და ომში ჩავითრიოთ. ეს არის კრემლის პროპაგანდისტული ხრიკი და ეს არის ტყუილი. ჩვენ არ გვსურს ომი საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი. “
განაცხადა ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა.
ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა იმართება სადაც თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი არიან.