“დასანანია” – თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის მიერ “ღირსეული პარტნიორის” ადადებაზე

თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის გადაწყვეტილებას, გადადოს “ღირსეულის პარტნიორის” სწავლება გაურკვეველი ვადით, დასანანს უწოდებს.

“ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

”დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი”, რომელიც 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადადო. გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ  გადაწყვეტილება გამოიწვია “საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებმა შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და მონაწილეობა მიეღო გადატრიალების მცდელობებში”.

“შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა. ამის ფარგლებში, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში “ღირსეული პარტნიორის” სწავლებას, რომელიც თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში

30 მაისს აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა წამოიწყო. “ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.