“დასაშვებ დოზას იღებდა” – ექიმი სააკაშვილის ფსიქოტროპულ მედიკამენტზე

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ადასტურებს, რომ ექსპრეზიდენტი იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, თუმცა “დასაშვები” დოზით. მისი განმარტებით, ამის მიზეზი უძილობა იყო.

“რაც შეეხება ფსიქოტროპულ პრეპარატებს, რაც დღეს მუსირებს ტელევიზიით, 2020 წელს ბატონმა მიხეილმა გადაიტანა კოვიდი და ჰქონდა ძილის გარკვეული პრობლემები, ჰქონდა დანიშნული გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები. ამ შემთხვევაში, საბაზისოდ იყო აღებული ის პრეპარატები, რომელსაც ის ღებულობდა. შემდგომ მკურნალობის პერიოდში, დაკვირვების შემდეგ, განიცადა ტრანსფორმაცია. დღესდღეობითაც რჩება ეს ძილის პრობლემა, მაგრამ ვუმკლავდებით ამას.

თუ რამე დაგვჭირდება მომავალში, იმასაც გავივლით სპეციალისტებთან ერთად და შევიტანთ კორექტირებას. დოზირება არც ერთხელ არ იყო გადამეტებული. ყველა დოზა იყო მინიმალური, მინიმალური დასაშვები დოზა. მაღალ დოზაზე არ იყო ლაპარაკი არც ერთხელ და არც მიუღია. გარდა ამისა, დავამატებ, თუ დასჭირდება კორექტირება, დასჭირდება სხვა სპეციალისტის მოწვევა, ამასაც გავაკეთებთ. რომელიმე სპეციალისტს თუ აქვს საღი აზრი და შეუძლია, მოგვაწოდოს თავისი აზრი, მაგრამ არა ეკრანიდან და ტელევიზიით, მობრძანდეს, გაგვიზიაროს”,– ამბობს ექიმი.

გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებები “მისი მოსაზრებაა”.

ცნობისთვის, ჯიშკარიანმა გუშინ თქვა, რომ სააკაშვილს არ აღენიშნებოდა ის სიმპტომატიკა, რომელიც ამ მედიკამენტს მოითხოვდა. მისივე ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა იცოდა, რომ ამ მედიკამენტს იღებდა, თუმცა ეგონა, რომ ის იყო საძილე მედიკამენტი.

“27 ნოემბერი იყო, როდესაც ჩვენ მოვხსენით ეს მედიკამენტი, მეორე დღესვე იგრძნო მან ცვლილება. ვერ გეტყვით [მოატყუეს თუ არა პრეზიდენტი] ამაზე პასუხი ალბათ თვითონ ექნება იუსტიციის სამინისტროს, იყენებენ ამ პრეპარატს ზოგადად საძილედ თუ რაიმე განზრახვით. ნებისმიერ შემთხვევაში იმ ნევროლოგიურ სიმპტომატიკაზე, რომელიც გამოვლენილია ამჟამად, ე.წ. ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც არის შიმშილობის შედეგი და შიმშილობის პერიოდში ამ პრეპარატების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია”,– თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.