“დასჯა და დაპატიმრება იქნება იმის გარანტი, რომ ხვალ ეს ქვეყანა, როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს და იქნება ივანიშვილის საფეოდალო” – “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დღეს ის ყველამ უნდა დაიცვას.
„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მიმაჩნია, რომ ჩემი სამშობლო არ არის ბიძინა ივანიშვილის სახანო, სადაც ბიძინა ივანიშვილის კანონია კანონი. ბიძინა ივანიშვილის მონებისთვის ყველაფერი შეიძლება, ხოლო დანარჩენი საქართველოსთვის სხვა კანონები და წესები მოქმედებს. მოვედი ნიკა მელიასთვის სრული სოლიდარობის გამოსაცხადებლად. მეც და ჩემი თანაგუნდელებიც დღეს ვხედავთ იმას, რომ ნიკა მელია ყველამ უნდა დავიცვათ, რადგან დასჯა, დაპატიმრება და მისი არდაცვა დღეს იქნება იმის გარანტი, რომ ხვალ ეს ქვეყანა საერთოდ აღარ იარსებებს, როგორც სახელმწიფო და იქნება ბიძინა ივანიშვილის საფეოდალო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.