“დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი” – “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, სამოქმედო გეგმა წარადგინა. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“მე გთავაზობთ ბრძოლას ამათთვის ძალაუფლების წართმევისთვის, გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. მე მჯერა, რომ ამათ, ხელისუფლებაში მოკალათებულ ორკებს, ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში, არა ქვეყნის მართვაში როგორც მათ სურთ წარმოაჩინონ, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაში, რაც პირდაპირ ითარგმნა ქვეყნის გაპარტახებაში და რუსეთისთვის ნელ-ნელა ჩაბარებაში. დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩემთვის ბევრად კომფორტულია პრობლემურ თემებზე საუბარი, კამათი, კრეატიული ვიდეოების გადაღება, ტელეეთერებში სიარული და იქ ბრძნული სახით მსჯელობა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ეს არ არის საკმარისი.
დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი და პარალიზება – სექტემბრიდან მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ, მეტწილად ამას დავუთმოთ დრო, სანამ არ დანიშნავენ რიგგარეშე არჩევნებს. მე გთავაზობთ ყველას ამაში მონაწილეობას, არ მაინტერესებს რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ, რა წარმოდგენა გაქვს ჩემზე, მოგწონვართ, არ მოგწონვართ ან გირჩზე და არც ის მაინტერესებს, ვის დაუჭერთ მხარს მომავალში. მაინტერესებს მხოლოდ სამი რამ – გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ თავზე ძალაუფლების უზურპატორი რუსეთის მონები გაზიან, გააზრებული გაქვთ რომ არჩევანის უფლებას მხოლოდ ბრძოლით, ქუჩაში ბრძოლით დაიბრუნებთ და მზად ხართ თუ არა ასეთი ბრძოლისთვის”, – ამბობს ჯაფარიძე.