დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ კარტოგრაფები – აქტივისტები საგარეო უწყებასთან აქციას მართავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას მართავენ.როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატებს მასალებს არ აძლევს, რომელიც მისივე თქმით, შესაძლოა, ბრალდებულების უდანაშაულობის დამადასტურებელი იყოს.აქციის მიმდინარეობის გამო, ჩიტაძის ქუჩაზე სამანქანო მოძრაობა შეიზღუდა.

“მორიგი სამარცხვინო აქტია ამ უსახური უწყების. საერთო ჯამში ეს აქცია ეძღვნება ამ ადამიანების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლება. არ გაჩერდება ეს ტალღა. ამ ადამიანებს საპატიმროში ყოფნის არც ერთი წამი ეკუთვნოდა”, – განაცხადა მაქარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.