25 მეგობარი ქვეყნის საელჩო შინაგან საქმთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და მთავრობის წევრებს წერილით მიმართავს. მათი თქმით, ხელისუფლებამ 5 ივლისს საკმარისად არ დაიცვა ჟურნალისტები და მოქალაქეები ძალადობისგან, რის გამოც შეშფოთებულები არიან.
საელჩოების განცხადებით, ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა, დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
ისინი მოუწოდებენ ვახტანგ გომელაურს, ამ ფონის გათავალისწინებით დაუყოვნებლივ გადადგას შემდგომი ნაბიჯები და მიიღოს შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები.
“ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები.
ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.
დაბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის”,– აცხადებენ საელჩოები.