“ჩვენდა სამწუხაროდ – და სამარცხვინოდ – ქვეყანას ხელისუფლება წარმოადგენს და არა პოლიტიკური ოპოზიცია.
დარწმუნებული ვარ, ორბანს ჩვენსაზე არანაკლებ თავმოყვარე ოპოზიცია ეყოლება თავის ქვეყანაში, მაგრამ მსოფლიოსთვის უნგრეთი – ორბანია და არა მისი ოპოზიცია.
უკრაინას, რომელიც დღეს ცივილიზაციის ციხესიმაგრედ არის ქცეული, ნამდვილად არ სჭირდება ქართული ხელისუფლების ჩასვლა კიევში… ეს წესით ჩვენს ხელისუფლებას უნდა სჭირდებოდეს, თუმცა მომენტი მათ ჯერ კიდევ მაშინ გაუშვეს ხელიდან, როცა ივანიშვილის სპიკერმა ი. ღარიბაშვილმა უკრაინას 25 თებერვალს უსურვა მარცხი. წავა თუ არა წავა ხელისუფლება უკრაინაში, მათ რეპუტაციას მაინც აღარაფერი ეშველება, მაგრამ ამ უავტორიტეტო ქვეყნის რეპუტაციისთვის ნამდვილად არ იქნება ცუდი. ოცნების ამომრჩევლისთვის კი ასეც სულ ერთი იქნება და ისეც, რადგან ამ ხალხს მაინც არაფერი აინტერესებს “უფასო ფულის” დაპირების ძველი და ჯერ კიდევ შეულეველი ოცნების გარდა. და კიდევ ისიც, რომ როგორმე არაფერი დაემუქროს ოცნების ფულიან ბიძაკაცებს და საარჩევნო უბნებთან მობირჟავე შპანას, რადგან ეს წმინდათა წმინდაა… სხვა ყველაფერი ხომ წყალსაც წაუღია.
ქართული ოპოზიციის ნაწილი კი კარგი იქნება, თუკი უკრაინის კონტექსტში მაინც შეელევა საყვარელ და უკვე საკმაოდ მოსაწყენ თამაშს “მორალისტური უპირატესობის” შესახებ – ვინ უფრო “პრინციპულია” ტოტალური პოლიტიკური უიმდეობის ჟამს. რაც და როგორც არ უნდა ვქნათ, შევეგუოთ, რომ ახლა პერიფერია ვართ და ნიშნისმოგება კი არა, დაფიქრება გვმართებს – არჩევნები რომ მოვა (თუ მოვა) – ივანიშვილის პრორუსი ბიჭები როგორ უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან. უკრაინას კი ყავს დამცველები, საქართველოს რა ვუყოთ?”
წერს მწერალი ლაშა ბუღაძე Facebook-ზე. ცნობისთვის, დღეს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ეწვევა.