ლელოს ერთერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ არჩევნებზე ე.წ. კარუსელი დაფიქსირდა.
„იმედს ვიტოვებ, რომ ეს არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულად და მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ყველას მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ. ის ხარვეზები, რომელიც შეინიშნება ამ მდგომარეობისთვის, კონკრეტულ რეგიონს არ დავასახელებ ფაქტის დაზუსტებამდე, მაგრამ დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს. ეს არ არის ის არჩევნები, რომ ხელისუფლებას მოგება გარანტირებული აქვს, ყველა მსგავსი ფაქტი იქნება გამოძიებული. ჩვენ და ყველა ოპოზიციური პარტია ვმუშაობთ გაათმაგებულად და დღევანდელი არჩევნები დასრულდება ხალხის სასიკეთოდ,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო ჩაწერილი. ასევე ლელოს ცნობით, დარღვევა გამოვლინდა ნაძალადევის 55-ე და 56-ე უბანზე, სადაც მარკირების ხსნარზე შეიქმნა პრობლემა.
ლიდერების განცხადებით, დარღვევა დაფიქსირდა სამტრედიის ოლქის მე-14 უბანზე სადაც „ლელოს“ მხარდამჭერი ელოდებოდა გადასატან ყუთს, რათა თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, ის კი გარდაცვლილად გამოაცხადეს, რაც, მათივე შეფასებით, კანონისა და ამომრჩევლის უფლების უხეში დარღვევაა.