დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა “სართული – ახალი თაობის ძალა”

დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა – “სართული – ახალი თაობის ძალა”. მოძრაობაში იქნებიან ორგანიზაცია მე-12 სართულის წარმომადგენლები, პროტესტში აქტიურად მონაწილე ახალგაზრდები. მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვადო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მოძრაობაში ელოდებიან ყველას, ვისაც არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი არ მოსწონს და მოქმედებაზე გადასვლა სურს.

“საქართველოში პირველად იწყება ახალგაზრდების და სრულიად ახალი სახეების პოლიტიკური მოძრაობა და მას ვიწყებთ ჩვენ, ჩვენ და ჩვენს გარშემო და გვერდით მდგომი ძალიან ბევრი ადამიანი, შეიძლება, დღეს ბევრნი აქ არ არიან, მაგრამ მთელი საქართველოდან არიან და წარგიდგენთ, გაგაცნობთ, ხალხი, რომელიც სრულიად ახალია საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სივრცეში და ხალხი, მათ შორის, ჩვენც, ვინც წლებია ვშრომობთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ გვქონდეს ბედნიერი მომავალი და ვაპროტესტებთ – სხვადასხვა სფეროებიდან ვაკეთებთ ამას.

ჩვენი მოძრაობის სახელია – სართული – ახალი თაობის ძალა. ვიწყებთ სართულის შენებას, ახალი თაობის ძალის შენებას და გულით გვჯერა, რომ ეს მოძრაობა იქნება ყველასთვის, იქნება ყველასი და აქ გელოდებით ყველას. გელოდებით, ვინც ხვდება და იაზრებს, რომ საჭიროა ევროპული და რაც მთავარია, ეროვნული ძალები. ვინც დაიღალა ძველი პოლიტიკური სიბინძურით, ვინც დაიღალა იმით, რომ პირად ინტერესებს შეეწირა აწმყო, ჩვენი მომავალი ეწირება, ადამიანები გადიან ქვეყნიდან და ვინც დაიღალა, რა სიტუაციაც დღეს არის და ვინც ფიქრობს, რომ მოქმედებაზე გადასვლაა საჭირო და სადღეგრძელოების და სიტყვების იქით, საჭიროა საქმის კეთება და საქმეზე გადასვლა.

გუშინდელმა საპროტესტო დღემაც ძალიან კარგად დაგვანახა ის, რომ მოქმედებით და გამძლეობით შეგვიძლია საქმის კეთება და პატარა გამარჯვებებით, დიდი გამარჯვებების მოპოვება. ეს არის ახლა მთავარი და ისიც დავინახეთ გუშინ, რომ ხალხში საჭიროა ნაკლები ჩხუბი და მეტი ერთიანობა. ამიტომაც, სუფთა ხელებით ვიწყებთ ამას დღეს – აქ და ახლა. ჩვენი სამშობლოა საქართველო, არსად წასვლას არ ვაპირებთ, არაფრის გვეშინია”, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთა წარმომადგენელმა ბრიფინგზე.