ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის მომხრეა, თუმცა თანაუგრნობს იმ ადამიანებს, ვისი საქმიანობაც “ნაწილობრივი ლოკდაუნის” პერიოდში შეიზღუდა.
ის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, მეტად დაჩქარებულად განიხილოს შეზღუდვების მოხსნა.
“შემიძლია მივცე რეკომენდაცია მთავრობას, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ აი, გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ და ამის კომპენსაცია მოვახდინოთ იმით, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ პირობა, რომ შეასრულებენ ყველანაირ იმ დარჩენილ რეგულაციებს, ლაპარაკია – პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება და ამაზე გამკაცრდეს კონტროლი”,– ამბობს ცერცვაძე.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია სტაბილურია და მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება უნდა მისცენ.
“ეს მდგომარეობაც შევინარჩუნოთ ამისთვის საჭიროა კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის შეზღუდვის ზომები და შეირჩეს ის სფეროები სადაც მოხსნა შესაძლებელია”, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.