“დაცინვას იმსახურებს” – გიგა ბოკერია ნიკა მელიას პასუხობს

“ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური ლიდერისგან ისეთი განცხადება, რაც მელიასგან მოვისმინეთ, მხოლოდ დაცინვას იმსახურებს, მაგრამ ისეთი მძიმე მდგომარეობაა, საჭიროდ ვთვლი, სერიოზული პასუხი გავცე” – ასე პასუხობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ენმ-ს თავმჯდომარეს, რომელმაც მას “უსინდისო” უწოდა.

მისივე თქმით, მისი ვალია, საზოგადოებას უთხრას, რა მიაჩნია სწორად, ენმ-ს ლიდერებს კი ამასთან შეგუება მოუწევთ.

“როდესაც ხარ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შენი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს არამხოლოდ შენი პარტიის ბედზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში ვითარებაზე და პირველ რიგში ოპოზიციურ ამომრჩეველზე. როცა იჩენ უპასუხისმგებლობას, არათანმიმდევრულობას, როცა გუშინ ნათქვამს დღეს გადათქვამ, ხალხს დაპირდები, რომ წლის ბოლომდე რეჟიმს გადააგდებ, ამას მოყვება რეაქცია სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, ვინც საღად ხედავს ვითარებას, ევროპული საქართველოსგან და ჩემგანაც.

ეს ჩვენი ვალია, საზოგადოებას ვუთხრათ, რა მიგვაჩნია არასწორად. სანამ ნაციონალური მოძრაობა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მის ლიდერებს მოუწევთ ამასთან შეგუება”. – თქვა გიგა ბოკერიამ “ტაბულასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, მელიამ ბოკერიას “უსინდისო” მას შემდეგ უწოდა, რაც მან ენმ შიმშილობასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და ლიდერების მხრიდან დროის გაყვანად შეაფასა.