დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას შორის – დაღუპულია 30-მდე ადამიანი რომელთაგან 10 ბავშვია

ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზას სექტორში 28 პალესტინელი, მათ შორის, 10 ბავშვი დაიღუპა.10 მაისის შემდეგ ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან გაშვებულია 200-ზე მეტი რაკეტა. ისრაელის არმიამ საპასუხოდ გაანადგურა 130-ზე მეტი სამიზნე ანკლავის ტერიტორიაზე და ტერორისტული დაჯგუფების 15 წევრი. სარაკეტო იერიში დღეს დილიდან გაგრძელდა.

პალესტინური მოძრაობა “ჰამასის” სამხედრო ფრთა ისრაელს ალ-აქსისა და შეიხ ჯარაჰის რაიონებიდან ჯარის გასაყვანად ულტიმატუმს უყენებს და ამისთვის ვადას ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე აძლევს.იერუსალიმსა და ქალაქ ბეით შემეშში საჰაერო განგაშის ხმა გაისმა, რაც მოსახლეობის გაფრთხილებაა სარაკეტო იერიშის შესახებ.

ისრაელი აცხადებს, რომ “ჰამასის” 16 მებრძოლი დაიღუპა ღაზის სექტორში მდებარე 130 სამიზნეზე მიტანილი დარტყმების შედეგად. BBC-სთან საუბრისას “ჰამასი” ამბობს, რომ მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში ღაზიდან 300 რაკეტა გაუშვეს მოწინააღმდეგის მიმართულებით.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, „ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ განაგრძეს ღაზის მხრიდან ისრაელზე შეტევა. ისრაელის არმია ამ თავდასხმებს პასუხობს და ღაზაში ტერორისტული სამიზნეებისა და ოპერატიული თანამშრომლების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებს. ეს არის ოპერაცია „კედლების მცველი“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

იერუსალიმი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს წარმოადგენს. ისრაელი მას თავის დედაქალაქად განიხილავს. აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება, აღმოსავლეთ იერუსალიმს კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. თავის მხრივ, პალესტინელები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ეს ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება.