დაწესდება თუ არა ქვეყანაში შეზღუდვები – ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, კვლავ დაწესდება თუ არა ქვეყანაში შეზღუდვები.

“მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულება და რეგულაციების ხარისხიანად გამოყენება. სწორედ ეს რეგულაციები განაპირობებს იმას, დავდგებით თუ არა ჩვენ შემოდგომაზე ისევ და ისევ იმ არჩევანის წინაშე, ჩავკეტავთ თუ არა ქვეყანას და გვექნება თუ არა განმეორებითი ლოკდაუნი. რა თქმა უნდა, ამის სურვილი ჩვენ არ გვაქვს და თუმცა ამის ფუფუნებას არ გვაძლევს ჩვენ პანდემია და ის რიცხვები, რომლებიც დღითიდღე არის მზარდი, განაპირობებს უკვე ამ გადაწყვეტილებების მიღებას”,– ამბობს ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

კითხვაზე, შეძლება თუ არა ჩაკეტვის გადაწყვეტილება შემოდგომამდეც მიიღონ, ტიკარაძე პასუხობს, რომ დამოკიდებულები არიან “ინფექციის გავრცელების კოეფიციენტსა და რაოდენობაზე”

“ჩვენ ვაკვირდებით, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ორჯერადი ნახტომი და ინფექცია უკვე არის საკმაოდ გაზრდილი. შემდეგი 2 კვირა იქნება გადამწყვეტი ამ გადაწყვეტილებების მიღებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორის და მოქალაქეების ჩართულობა იქნება ამ მიმართულებით და არამხოლოდ ვაქცინაციის მიმართულებით”. – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.