დაწესდება თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე – მეზვრიშვილის განმარტება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები ისევ დაწესდეს.

მისი თქმით, შეზღუდვები წერტილოვნად დაწესდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება.

„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით – შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, წესები დაიცვან, რადგან შეზღუდვების დაწესება აღარ გახდეს საჭირო.

“არ ვაპირებთ ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, რადგან ამას ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. ამიტომ, გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოვითხოვთ, მოგიწოდებთ, არ ვიცი, გემუდარებით, რაც გინდათ, ის დავარქვათ ამას, წესები დავიცვათ მაქსიმალურად, იმიტომ, რომ ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს მართვისა და ადაპტაციის პროცესში და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით, ამაზე ექიმებმა, ეპიდემიოლოგებმაც ისაუბრეს, ან ქვეყანა სრულად უნდა ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ წესები. საუბარია ელემენტარული წესების დაცვაზე, ამიტომ გთხოვთ, ეს წესები შევასრულოთ იმისთვის, რომ არ დავდგეთ სხვა რეალობის წინაშე”,- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.