კელი დეგნანი რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი იყოს, ევორკავშირის რეზოლუციას გაემიჯნებოდა – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
”ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე მე ერთ რამეს გეტყვით. რა თქმა უნდა, ეს პირადი შეხვედრა ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები მეგობრებს შორის იმართება. ჩვენ კიდევ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ეს შეიძლებოდა მეგობრული შეხვედრა ყოფილიყო. ნუ აქ ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმის, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯარო საუბარი, კითხვები დასმულიყო და პასუხები გასცემოდა ამ კითხვებს. აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, მინიმუმ, ასეთ შემთხვევაში ელჩი იმ უსამართლო შეტევას გაემიჯნებოდა, რომელიც მეგობარ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხორციელდებოდა. თუ ის ივანიშვილს მეგობრად მიიჩნევს, მაშინ სათანადო რეაქცია ექნებოდა, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. ასევე, რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსზე, NGO-ებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ორკესტრირებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე, რაშიც ჩართულია რადიკალური ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, ჩართეს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი. და აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, დეგნანი, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად გაემიჯნებოდა ამ პროცესს. თუმცა, სამწუხაროდ ეს არ გააკეთა და ეს კითხვის ნიშნებს დამატებით წარმოშობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერში სიცხადე იყოს. მაგალითად, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, ან მთავრობა უნდა გადადგეს, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ელჩს ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ჰქონდეს. ასეთ დროს, ბუნებრივია, საზოგადოებაში კითხვები მოიხსნებოდა.”- განაცხადა კობახიძემ.