ახალი წლის ღამეს ბორჯომში, ვაშლოვანას დასახლებაში მკვლელობა მოხდა. 62 წლის ქალმა საკუთარ ვაჟს დანა გულმკერდის არეში ჩაარტყა, გამთენიისას მისულ სასწრაფოს ბრიგადას 41 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. დედა სამართალდამცავებმა სახლიდან პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, 1958 წელს დაბადებულ ქალს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე წაუყენეს. მას 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც ცნობილია, რომ ტრაგედიის დროს სახლში მოკლულის მამაც იმყოფებოდა, თუმცა იმ დროს მას ეძინა და ფაქტის თვითმხილველი არ არის. ადგილობრივები აცხადებენ რომ შვილი დედაზე სისტემატურად ძალადობდა და სავარაუდოდ, ტრაგედიის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
“შვილი რომ გამოვიდა, ცოტა სისხლი სდიოდა, ვკითხე რა მოხდა-მეთქი, მან მიპასუხა, არაფერიო. ამ დროს ცუდად გახდა. მე სხვა არაფერი ვიცი” – განაცხადა მამამ.
“უკრაინელები არიან, წლებია ბორჯომში ცხოვრობენ. იგორის დედა წლების განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა და იქ მუშაობდა. ერთი წელია, რაც საქართველოში ჩამოვიდა. ზოგადად ოჯახის წევრებს დალევა უყვართ. იგორი ბოლო წლებია სულ სვამს და მთვრალი დადიოდა. დედას სისტემატურად სცემდა, როცა მთვრალი იყო და ეს ქალი შვილისგან ძალადობის მსხვერპლი იყო.
ეტყობა მორიგი კონფლიქტი მოხდა და გაბრაზებულზე დედამაც დანა ჩაარტყა. მოკლულის მამა, მიხეილ პოსტნიაკოვი წლებია გიდად მუშაობს ბორჯომში, ის ტურისტებს 1971 წლიდან ემსახურება. მას ამ ქალაქში ყველა იცნობს. სტუმრებს ქალაქის ისტორიას უყვება, ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებინებს. აგემოვნებინებს ბორჯომის წყალს და მის სამკურნალო მნიშვნელობაზე ესაუბრება. როგორც ვიცი, საქართველოში უკრაინიდან ტურისტად ჩამოვიდნენ, მერე ისე ძალიან მოეწონათ ბორჯომის ხეობა, რომ აქ გადმოსახლდნენ. მეუღლეც უკრაინელი ჰყავს. აქ დაიბადნენ მათი შვილები, უკვე ათეული წლებია ბორჯომში ცხოვრობენ. მოკლული დაოჯახებული არ არის. ეტყობა იმ ღამითაც ნასვამი იყო და მოხდა ეს ტრაგედია”, -ამბობს ადგილობრივი.
“ძალიან მებრალება იგორი, კარგი კაცი იყო, კარგი ადამიანი და როგორ გაიმეტა დედამ სიკვდილისთვის, მიკვირს. ბავშვობის მეგობრები ვართ. თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი ბორჯომში და სულ ერთად ვხალისობდით. მართლა კარგი ადამიანი იყო, უბრალოდ ბოლო დროს სვამდა… ტელევიზიით გავიგე ეს ტრაგედია და ძალიან მეტკინა გული. ეტყობა ახალ წელსაც დალია და მოხდა ეს ტრაგედია. ბოლო ერთი წელია პირადად არ მინახავს, სოციალური ქსელით კი გვქონდა სულ მიმოწერა. იგორი არ იყო კონფლიქტური, ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მათ სახლში რა ხდებოდა, ეს არ ვიცი. ერთი და ჰყავს იგორს, საბერძნეთშია გათხოვილი და იქ ცხოვრობს” – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა, მოკლულის მეგობარმა.