დეკანოიძე ვაშაძეზე: რა სამწუხაროა, უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდა.

ის გამოეხმაურა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებასაც, რომელმაც თქვა, რომ “ენმ–ს ერთი ადგილი უნდა ეყოს, აიღოს პასუხისმგებლობა და საპატიმროდან დაიხსნას საკუთარი თავმჯდომარე”.

დეკანოიძე ამ განცხადებას “სამწუხაროდ” აფასებს.

“წუხელ, საპატიმროში ნიკა მოვინახულეთ. დიდხანს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რატომ ეშინია მისი თავისუფლების ქართულ ოცნებას. გარდა იმისა, რომ კარგად და მხნედ არის, პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით აფასებს. ყოველგვარი წვრილმანი გარჩევის გარეშე.

რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამოკიდებულებების ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს.
უდიდესი სხვაობაა, კიდევაც გამოჩნდა გლდანში”,– წერს დეკანოიძე.