ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ “დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის”. განცხადებაში, რომელსაც “ამერიკის ხმა” ავრცელებს, ბლინკენი განმარტავს, რომ “ამერიკა დაბრუნდა”.
მისი თქმით, ამერიკას აქვს ძალა და უნარი ხელი შეუწყოს მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებას.
„ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მაგალითს და ძალას და მოვუწოდებთ სხვებს ძირითადი რეფორმების განხორციელებისას გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და უსამართლობას”,– ამბობს ბლინკენი და აღნიშნავს, რომ აშშ არ გეგმავს სამხედრო გზით გაავრცელოს დემოკრატიული ღირებულებები ავტორიტატულ რეჟიმებში.
სახელმწიფო მდივანი ბლინკენი აცხადებს, რომ ამერიკა ღირსეულად იბრუნებს იმ ადგილს, რომელიც მას ეკუთვნის. მისი თქმით, ამერიკას აქვს უნიკალური ძალა გააერთიანოს ქვეყნები პრობლემების მოსაგვარებლად.
“ამერიკის ხელმძღვანელობას და ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს მეგობრებს უხარიათ, რომ ჩვენ დავბრუნდით, რადგან ამერიკას უნიკალური ძალა აქვს გააერთიანოს ქვეყნები პრობლემების მოსაგვარებლად. პრობლემების, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვერ გადაწყვეტს. სამყარო თავის თავის ორგანიზებას თავად ვერ შეძლებს. როცა ჩვენ (ამერიკელები) უკან ვიხევთ ორიდან ერთი ხდება ხოლმე:
პირველი, სხვა ქვეყანა ცდილობს ჩვენი ადგილის დაკავებას, მაგრამ არა ისე, რომ ის ჩვენ ინტერესებს და ღირებულებებს იზიარებდეს.
მეორე, ისეთივე ცუდია, როცა არავინ დგამს ნაბიჯს, რის გამოც ჩვენ ვიღებთ ქაოსს და საშიშ ვითარებას. რაც არ არის კარგი ამერიკისთვის”,– აცხადებს ბლინკენი.
სახელმწიფო მდივანის აზრით, ახლა მსოფლიოს სჭირდება ქვეყნების ერთობა, რათა მოხდეს არსებული გამოწვევებთან და პრობლემებთან გამკლავება.
„ჩვენ ახლა გვჭირდება ქვეყნები თანამშრომლობისთვის, ისე როგორც არასდროს. გლობალურ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს წინაშეა ვერცეთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება, მათ შორის ვერც ისეთი ძლიერი ქვეყანა როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ჩვენი დიპლომატიის სიძლიერე, ნაწილობრივ დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების სიძლიერეზე,“- ამბობს ენტონი ბლინკენი.
ბლინკენმა აღნიშნული განცხადებები პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან ამერიკის საგარეო გეგმის 8 პუნქტი წარადგინა. დოკუმენტი რომელიც ენტონი ბლინკენმა წარადგინა, ეწოდება „საგარეო პოლიტიკა, ამერიკელი ხალხისთვის“.