შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების დროს, ცეცხლსასროლი იარაღით წუხელ ხუთი პოლიციელი დაიჭრა. საპროტესტო დემონსტრაციები მინეაპოლისში მას შემდეგ დაიწყო, რაც თეთრკანიანმა პოლიციელმა შავკანიანი მამაკაცის დაკავების დროს ძალა გამოიყენა, რის შემდეგაც ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.
პოლიციისა და მედიის ინფორმაციით, პოლიციელებზე იარაღით თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შტატებში ამერიკის ჯარს გაგზავნიდა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში არეულობა არ შეწყება.
ორშაბათ საღამოს პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან ქვეყანას მიმართა, რის შემდეგაც ის ქუჩაში გამოვიდა და თეთრ სახლთან ახლოს მდებარე წმინდა ჯონის ეკლესიასთან მივიდა. წინა ღამეს, მომიტინგეებმა ამ ისტორიული ეკლესიისთვის ცეცხლის გაჩენა სცადეს.
პრეზიდენტი ეკლესიის წინ ბიბლიით ხელში რამდენიმე წუთი იდგა და შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა. ამ ნაბიჯის შემდეგ ვითარება დაიძაბა დემონსტრაციაზე, რადგან პრეზიდენტ ტრამპის ქუჩაში გამოსვლისთვის ტერიტორიის გასაწმენდად, სამართალდამცავებმა თეთრი სახლის წინ მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს.
სამშაბათს, ამერიკის საიდუმლო სამსახურმა, რომელსაც პრეზიდენტის დაცვა ევალება, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა უკვალოდ არ ჩაიაროს. მან ასევე დასძინა, რომ “ჩემი პირველი და უმაღლესი მოვალეობა, როგორც პრეზიდენტისა ისაა, რომ დავიცვა ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყანა და ამერიკელი ხალხი. მე ფიცი დავდე, რომ დავიცავდი ჩვენი ერის კანონებს და ეს სწორედ ისაა, რასაც მე ვაკეთებ.”
პრეზიდენტის თქმით, ის მობილიზებას უკეთებს „ყველა ფედერალურ რესურსს – სამოქალაქოს და სამხედროს, ამბოხის, ძარცვის, ნგრევის და ხანძრების გაჩენის შესაჩერებლად და კანონმორჩილი ამერიკელების უფლებების დასაცავად, მათ შორის, მეორე დამატების დასაცავად. შესაბამისად, შემდეგი ზომები დაუყოვნებლივ შევა ძალაში.“
„თუ ქალაქი ან შტატი უარს იტყვის მიიღოს ზომები, რომლებიც საჭიროა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად, მაშინ მე ამერიკის შეერთებული შტატების ჯარს გავგზავნი და ამ პრობლემას გადავჭრი”, – თქვა პრეზიდენტმა.
ამით პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის აამოქმედებს 1807 წელს მიღებულ კანონს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის გაგზავნის უფლებას აძლევს.
ათობით შტატში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული. 23 შტატში და ქვეყნის დედაქალაქში კი ეროვნული გვარდიაა გაგზავნილი. შეერთებულ შტატებში ამ მასშტაბის დემონსტრაციები 1968 წელს მარტინ ლუთერ კინგის მოკვლის შემდეგ არ ყოფილა.