დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება შტურმი საქართველოზე – პაპუაშვილი

“დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება შტურმი საქართველოზე ” – პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სიტყვა დეოლიგარქიზაციის გამოყენებით საქართველოზე შტურმი მიმდინარეობს და იმის თქმა, რომ ქვეყანას ოლიგარქი მართავს, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა.

“ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და დროული მიმართვა იყო. ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო პერიოდი არის ის, რომ ამ დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე. ის, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება, სინამდვილეში იმართება სხვა ადამიანის მიერ – ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის. საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას და იმის თქმა, რომ სინამდვილეში პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტი კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სხვაგან ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს არის შეურაცხყოფა.

ვერავინ ვერ ასახელებს ვერც ერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ამ გავლენის მოხდენა, რომელ გადაწყვეტილებაზე იყო ეს გავლენა მოხდენილი. თქვენ რა გგონიათ ადამიანი უნდა შემოვსაზღვროთ და კონტაქტი არ უნდა გვქონდეს არავისთან? არც ერთი ადამიანი არ არის კუნძული, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ და ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. თეთრი ყოველთვის არის თეთრი, შავი ყოველთვის არის შავი, აქ აღქმებს მნიშვნელობა არ აქვს, რაც არის თეთრი, ის ვერასდროს გახდება შავი, ვინც არ არის ოლიგარქი, იმას რაც არ უნდა ვეძახოთ ოლიგარქი, ვერასოდეს გახდება ოლიგარქი”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.