დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებაა, გირჩი ,,ენმ”-ს კლასტერიდანაა – ვოლსკი გირჩის აქციაზე

ფოტო: Netgazeti

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის და ,,ქართული ოცნების” წევრის, გია ვოლსკის აზრით, იპოდრომზე გირჩის ჩატარებული ,,სეირნობის აქცია” დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებაა, ხოლო „გირჩი“ ნაციონალური მოძრაობის კლასტერის შემადგენელი ნაწილია.

„ეს არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლობა, რაც ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ ჩაიდინა. ეს არის გამიზნული ქმედება სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინშე და გამორიცხულია, რომ ამ რეალურ საფრთხეს არ აცნობიერებდნენ კონკრეტული ადამიანები. აქედან გამომდინარე, ქმედებებიც არის გამიზნული, დაგეგმილი და ზოგადად დესტაბილიზაციის შექმნისკენ მიმართული. ესეც ერთ-ერთი შემადგენელია იმ კლასტერისა, რასაც „ნაცმოძრაობის“ კლასტერი შეიძლება ვუწოდოთ,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გირჩმა იპოდრომზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ აქციის ჩატარებისთვის, აქციის მონაწილეებთან ერთად 3000-3000 ლარით დააჯარიმა.

იპოდრომზე სეირნობით გამოხატული პროტესტის შემდეგ, გირჩის რამდენიმე წევრი განყოფილებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.