დეტალები არ მახსოვს – სარჯველაძე ”ნამახვანჰესის” გასაიდუმლოებულ დასკვნაზე

“დეტალები არ მახსოვს”- ასე ეხმაურება, ”ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე, და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნამოხვანჰესზე გასაიდუმლოებულ დასკვნას.

“მე ამ შენიშვნების დეტალური შინაარსი არ მახსოვს, ისე, როგორც ცალკეული რეგულაციების საკითხი, როგორ იყო კონკრეტულად, იმიტომ, რომ ხშირი იყო, როცა ასეთი ტიპის ხელშეკრულებებზე დასკვნებს ვწერდით, ხან დადებითს, ხან უარყოფითს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს მუდმივად ხდებოდა. მიჭირს კონკრეტული დეტალების აღდგენა.
მაგრამ იქ რჩევა იქნებოდა მიცემული, რომლის შედეგადაც უნდა მომხდარიყო საკითხებზე მოლაპარაკება და ამის საფუძველზე ხელშეკრულების ცალკეული საკითხების აწონ-დაწონვა. მოლაპარაკების პროცესზე იქნებოდა დამოკიდებული ყველა ამ შენიშვნის გათვალისწინება. არ ვიცი, როგორ მოხერხდა ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, თუმცა, კარგი იქნებოდა”. – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დღეს, „მთის ამბებმა“ მოიპოვა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უწყებას არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს. დასკვნა 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს და მთავრობას სწორედ იმ საკითხების შეცვლისკენ მოუწოდებს, რომლებიც ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკის მთავარი საფუძველია. დასკვნა სიცრუეში ამხელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც რიონის ხეობის მცველების პროტესტის საპასუხოდ, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულების შეფასება დაავალა. პრემიერმა ხალხს დაუმალა, რომ ასეთი დასკვნა უკვე არსებობდა და მის შესახებ მთავრობისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ.

იუსტიციის სამინისტროს გასაიდუმლოებული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე