დეტალური ინსტრუქცია Covid19-ით ინფიცირებულთათვის, ვისაც ექიმის კონსულტაციაზე ხელი არ მიუწვდება

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე 20 წე­ლია აშშ-ში ცხოვ­რობს და The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს კიდევ ერთ ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ, რომელშიც დეტალურ ინფორმაციას აწვდიან საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის ინფექციის თავიდან აცილებისა და ინფიცირების შემთხვევაში დაავადებასკან გამკლავების გზების შესახებ. სტატიას, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ექიმებმა ფეისბუქზე გამოაქვეყნეს სრულად გთავაზობთ:

“რამდენიმე კვირის წინ დავბრუნდი ფეისბუკზე რათა მცირედით შევწეოდი იმ ადამიანებს ვისაც სახლში მოუწევს კოვიდთან ბრძოლა. მე და ზურაბ გურულმა ვცადეთ სხვადასხვა ფორმით მიგვეწვდინა ხმა მათთვის, ვისაც ექიმის კონსულტაციაზე ხელი არ მიუწვდება. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი შემთხვევები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ჩვენმა პოსტებმა, ვირტუალურმა ლექციებმა, ტელევიზიებისა და ჟურნალების მიერ ანიმაციებად თუ სტატიებად აკინძულმა რეკომენდაციებმა ნახვებით და გაზიარებებით თითქმის ნახევარი მილიონი მნახველი მოიცვა. უწყვეტად ვპასუხობთ პირად ფოსტაში გამოგზავნილ შეკითხვებს ყოველდღიურად, მაგრამ წერილები არ წყდება… სამწუხაროდ არც ერთს არ გვაქვს იმის ფიზიკური შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გავუწიოთ კონსულტაცია ყველა მსურველს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ განვაახლოთ პირველი ინსტრუქცია იმ კითხვებზე დაყრდნობით, რომლებსაც ყველაზე ხშირად გვისვამთ.


ვრცელი პოსტი გამოვა, მაგრამ შევეცდებით მოვიცვათ თითქმის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ სახლში დარჩენილებმა, კოვიდის მშვიდად და ადექვატურად სამართავად. უამრავი წერილი მოგვდის ოკუპირებული აფხაზეთიდანაც. დახმარების გარეშე დარჩენილნი შველას ითხოვენ ყველგან სადაც ხელი მიუწვდებათ. სამწუხაროდ, არ წყდება ღვარძლიანი, ბოროტი თავდასხმები და პირადი შეურაცხყოფები პოლიტიკური და პირადი მიზეზებით ანგაჟირებული ადამიანებისაგან, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთული დიასპორებიდან, მაგრამ მათი დაუღალავი ძალისხმევის მიუხედავად ჩვენ გავაგრძელებთ პროფესიული და ადამიანური მოვალეობის შესრულებას.


ყველაფერი, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, ეყრდნობა ამ დროისათვის ხელმისაწვდომი, მეცნიერული კვლევებით გამყარებულ ფაქტებს და ჩვენს პირად გამოცდილებას როგორც ექიმებისას და როგორც კოვიდ გადატანილი პაციენტებისას (მათ შორის ნიღბის ტარების აუცილებლობაც სამეცნიერო კვლევებით არის გამყარებული). მეც და ზურაც ვიყავით ინფიცირებული და ორივემ გადავიტანეთ კოვიდი საკმაოდ რთული ფორმით.
ჩვენი ძალისხმევა, დავეხმაროთ სახლში დარჩენილ ადამიანებს, არანაირად არ აკნინებს ქართველი ექიმების თავდადებულ მუშაობას; მხოლოდ მცდელობაა უმძიმეს დატვირთვაში ხელის შეშველებისა. საქართველოს ჰყავს არაჩვეულებრივი ინტელექტუალური პოტენციალი გამოცდილი ექიმების სახით. საკუთარი ოჯახის წევრები მათ იმედად გვეგულება საქართველოში.
ფეისბუქის ეს ჩანაწერი არ წარმოადგენს პროფესიული სამედიცინო რჩევის, დიაგნოზის ან მკურნალობის შემცვლელს. ინფორმაცია, რომელიც ამ პოსტშია მოცემული, არის მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათის.


თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის გადაუდებელი ან ქრონიკული სამედიცინო პრობლემა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, ან თქვენს პირად ექიმს!

1. პრევენცია

ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა.

კოვიდი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, რაც გულისხმობს მის გავრცელებას როგორც ვირუსის შემცველი წვეთების პირდაპირი მოხვედრით ადამიანიდან ადამიანზე, ასევე ჰაერში გაბნეული აეროზოლების შესუნთქვას. თუ თქვენ სწორად ხმარობთ ნიღაბს, დაიცავთ თავს ვირუსიანი აეროზოლების შესუნთქვისგან ან სასუნთქ გზებში მათი პირდაპირი მოხვედრისგან. კრიტიკულად აუცილებელია ( სავალდებულოა! ) ნიღაბის ტარება ინფიცირებული ადამიანისთვის. მხოლოდ ამ გზით და დისტანციის შეგნებული შენარჩუნებით დაიცავთ გარშემომყოფებს თქვენს მიერ გამოტყორცნილი წვეთების შესუნთქვისაგან.
კრიტიკულად აუცილებელია ნიღაბის სწორი ტარება; იგი უნდა ფარავდეს ცხვირსაც და პირის ღრუსაც; მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის იყოს სუფთა. ნიღაბი შეგიძლიათ დაამზადოთ სახლის პირობებში, რამდენიმე ფენად გაკეცილი მარლის ან მიტკლისგან. იქონიეთ რამდენიმე ნიღაბი და ყოველდღე რეცხეთ საპნით ან სხვა სარეცხი საშუალებით . თუ ნიღაბს ჩანთაში ან ჯიბეში ინახავთ, მასთან ერთად ინახავთ ვირუსებსაც. დაინფიცირებული ნიღაბის მრავალჯერადად, გაურეცხავად ტარება აზრს მოკლებულია. მეტიც, ის შეიძლება გახდეს კიდეც თქვენი დაინფიცირების წყარო. სასურველია ქაღალდის პარკში იქონიოთ რამდენიმე ნიღაბი და იცვალოთ დღის განმავლობაში, საღამოს კი გარეცხოთ და მეორე დღისთვის მოამზადოთ.
დისტანცია – მხოლოდ ნიღაბი ვერ დაგიცავთ დავირუსებული წვეთების სახეზე ან თვალში მოხვედრისგან; ამიტომ ნიღაბის ტარებასთან ერთად აუცილებლად უნდა იქნეს დაცული მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია.
ჰიგიენა – დაავადების გადატანა შესაძლებელია დაბინძურებული ზედაპირებიდანაც. ვირუსის ამ გზით თვალში ან სასუნთქ გზებში მოხვედრისგან დაგიცავთ ხელების ხშირი ბანა საპნით და გამდინარე წყლით, ან გასტერილება სპირტის ბაზაზე დამზადებული საშუალებებით.
პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ასევე დროის მაქსიმალურად გატარება ღია სივრცეებში. დახურულ სივრცეში ვირუსის შემცველი ნაწილაკები რამდენიმე საათი რჩებიან აეროზოლების მდგომარეობაში და ზრდიან გადაცემის შანსს. თუ არ გაქვთ საშუალება ღია სივრცეში გაატაროთ დღის უმეტესი ნაწილი, სახლი მუდმივად ანიავეთ. ასევე გაითვალისწინეთ რომ კონდიცირებულ, მშრალ გარემოში წვეთები ადვილად შრება რაც აადვილებს მათ აეროზოლიზაციას. ტენიანი გარემო წვეთებს ასველებს, ამძიმებს და ისინი უფრო ნაკლებ დისტანციაზე გაიტყორცნებიან.
თუ ოჯახში ან გარემოში, სადაც დიდ დროს ატარებთ, გიწევთ სარისკო ჯგუფების ადამიანებთან კონტაქტი, ეცადეთ მკაცრად დაიცვათ ზემოთ მოყვანილი ყველა წესი. სამწუხაროდ, დროებით ოჯახის წევრებთანაც დისტანციის დაცვა მოგვიწევს.

მოკლედ, თავის დასაცავად აუცილებელია სწორად მორგებული, სუფთა ნიღაბი, დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი, პირადი ჰიგიენა, დროის მაქსიმალური ნაწილის ღია სივრცეში გატარება, დახურული სივრცის ხშირად განიავება და ადექვატური დატენიანება.

2. როგორ ამოვიცნოთ კოვიდ-ინფექცია?

კოვიდ-ინფექციის ინკუბაციური პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და მოიცავს 14 დღეს ინფიცირებულთან კონტაქტიდან. უმეტეს შემთხვევებში პაციენტი სიმპტომატური ხდება მეხუთე, მეექვსე დღეს.
ყველაზე ხშირად კოვიდი პნევმონიისთვის (ფილტვების ანთება) დამახასიათებელი სიმპტომებით იწყება: ცხელება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი ინფილტრატები რენტგენსა თუ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ არანაკლები სიხშირით გვხვდება ზედა სასუნთქი გზების დააავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: გამოხატული სიმშრალე ზედა სასუნთქ გზებში, ყელის ტკივილი, უსიამოვნო წვის შეგრძნება გულმკერდის არეში, კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილი მთელ სხეულზე; დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ყნოსვის და გემოს სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა, თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, იშვიათად სურდო და ცრემლდენა, თავბრუსხვევა, წონასწორობის მოშლა სიარულისას, ძილის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, შფოთვა და გამოხატული შიშები, გონების დაბინდვა, პარესთეზიები (დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება სხეულზე), ზოგადი სისუსტე, კონიუქტივიტი (თვალის თეთრი გარსის ანთება), კანის დაზიანებები; კერძოდ სხვადასხვა ტიპის გამონაყარი. განსაკუთრებით სპეციფიურია მოწითალო-მოიისფრო გამონაყარი ფეხის და ხელის თითებზე. ხშირად კოვიდის მანიფესტაცია შეიძლება დაიწყოს უკვე არსებული ქრონიკული დაავადების გამწვავებით. არ არის აუცილებელი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ერთდროულად აღინიშნებოდეს. შეიძლება დაავადება დაიწყოს მხოლოდ ერთი სიმპტომით. სიმძიმის ხარისხი განისაზღვრება სიმპტომების კომბინაციით, ან მათი სიმძიმის ხარისხით.
დაავადების მიმდინარეობა საშუალოდ 14 დღეს მოიცავს. არის შემთხვევები, როცა ერთეული სიმპტომები კვირეების განმავლობაში ნარჩუნდება.
კოვიდ ინფექციისთვის დამახასიათებელია სწრაფი დინამიკა, მძიმდება ძალიან მოკლე ვადებში და მკვეთრად. შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისას, ხშირად კრიტიკულია მეშვიდე-მეათე დღეების შუალედი. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ვადები გასაშუალოებულია, ანუ, არიან პაციენტები ვისაც პირდაპირ მძიმე ფორმით გამოუვლინდება დაავადება ან დაუმძიმდება მეათე დღეზე გვიან.

3. გრიპი თუ კოვიდი?

სეზონური ვირუსული ინფექციების პერიოდი დაიწყო. ხშირად გაგიჭირდებათ გარჩევა რომელ ვირუსულ დაავადებასთან გაქვთ საქმე. თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომები აღგენიშნებათ, ოქროს წესია მოიქცეთ ისე, თითქოს საქმე გაქვთ კოვიდ-ინფექციასთან, სანამ კვლევებით გამორიცხავთ. ტესტირებით ამის დამტკიცების აუცილებლობა არ არის აუცილებელი ყველა შემთხვევაში. არც ამის მატერიალური საშუალება აქვს ყველას. ასეთ დროს იზოლაციის წესების სრულად დაცვა კრიტიკულად აუცილებელია. მხოლოდ ასე დაიცავთ გარშემომყოფებს ინფიცირებისგან.

4. როგორ ვიქცევით, თუ კოვიდ-ინფექციის სიმპტომები გამოგვივლინდა?

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ყველა დაავადებული ტესტირებას ან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს! ტესტირება კრიტიკულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის არსებითად ცვლის მკურნალობის ან ქცევის ტაქტიკას. მსუბუქად მიმდინარე დაავადებას სახლის პირობებში სპეციფიური მკურნალობა არ სჭირდება. შესაბამისად, სახლში დარჩენილების ტესტირება მხოლოდ გამცნობთ, რომ თქვენ ნამდვილად კოვიდ-ინფიცირებული ხართ და მეტს არაფერს ცვლის.
კიდევ ერთხელ, მსუბუქად ან სულაც ასიმპტომატურად დაავადებული არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან სპეციფიურ მკურნალობას! ასე დაიცავთ თავს ახალი ინფექციისგან და დაიცავთ ჯანდაცვის სისტემას გადატვირთვისგან! ჯანდაცვის სისტემის არამიზნობრივი გადატვირთვა გაზრდის სიკვდილიანობას კრიტიკულ პაციენტებში, გამოიწვევს სამედიცინო პერსონალის გამოფიტვას და დაინფიცირების მაღალ მაჩვენებელს.
ცხადია ეს არ გულისხმობს, რომ თავი უნდა მოარიდოთ სამედიცინო დაწესებულებებებს და არ ითხოვოთ დახმარება მაშინ, როცა ის აუცილებელია!
თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ. კრიტიკულად აუცილებელია გვესმოდეს, რომ არასათანადო მკურნალობამ შეიძლება სერიოზულად დაგაზიანოთ. უსიმპტომო და მსუბუქ ფორმებს, რისკების არქონის შემთხვევაში არ სჭირდება არც ანტიბიოტიკი და არც ეგრეთ წოდებული ‘’სისხლის გამათხელებლები“.
აუცილებელია იზოლაცია მინიმუმ 10 დღით, ან მანამ, სანამ ტემპერატურა ნორმალურს აღემატება. ამერიკული სტანდარტების მიხედვით ნორმალურ ტემპერატურად კოვიდ-ინფიცირებულისთვის ითვლება <37 C.
მკურნალობა კი მხოლოდ სიმპტომატიური გჭირდებათ. რას გულისხმობს სიმპტომატიური მკურნალობა? სიცხის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი (ასეთად შეიძლება პარაცეტამოლის, ტალინოლის, იბუპროფენის, ნუროფენის ან ამ ჯგუფებიდან სხვა დასახელების პრეპარატების გამოყენება), საკმარისი რაოდენობით ნებისმიერი, არატკბილი სითხე (თბილი, ცივი ორივე სასარგებლოა; არ არის საჭირო ქაფქაფა ცხელი).

დაიწყეთ სიმპტომების აღრიცხვა. დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ სიცხე, თუ საშუალება გაქვთ არტერიული წნევა, გულისცემის და სუნთქვის სიხშირე. სასურველია იქონიოთ პულსოქსიმეტრი. თუ ხელი არ მიგიწვდებათ, არ იდარდოთ, ამის გარეშეც გახვალთ ფონს. ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. უმარტივესია ბუშტის გაბერვა დღეში რამდენჯერმე. თუ სპირომეტრზე მიგიწვდებათ ხელი, ეს ვარჯიში უფრო სახალისო ხდება. სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის ვისაც სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება. ვარჯიშის მთავარი პრინციპია მაქსიმალურად დიდი მოცულობის ჰაერის ჩასუნთქვა და და ნელი, გახანგრძლივებული ამოსუნთქვა, მოკუმული ტუჩებით წინააღმდეგობის შექმნით. ეს დაეხმარება თქვენს ფილტვებს, რომ ყველა ალვეოლა საკმარისად გაიშალოს და მაქსიმალური რაოდენობის ჟანგბადი გაიცვალოს კაპილარულ ქსელში. თუ დაავადება სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობს, სასარგებლოა პირჩაღმა (მუცელზე) ძილი/წოლა. ცხადია, ეს წესი არ ეხებათ ჭარბწონიან ადამიანებს, რადგან მათში პირჩაღმა წოლა დიაფრაგმის (მნიშვნელოვანი სასუნთქი კუნთის) მაღლა დგომას უწყობს ხელს და ამცირებს გულმკერდის ღრუს მოცულობას; შესაბამისად აუარესებს ფოლტვების გაშლის შესაძლებლობას.
იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი, ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული. გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან, ასევე გააუმჯობესებს სუნთქვას და ზოგად განწყობას. მოძრაობა დაგიცავთ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემთხვევაში დეკონდიცირებისგან, რაც კუნთების ზედმეტი მოდუნებით ხასიათდება და ისედაც მძიმე ზოგადი სისუსტე უფრო გამოხატული ხდება. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანებს ხშირად უჭირთ მოძრაობა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების გამო, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ სავარძელში ჯდომაც კი სასარგებლოა. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე.
იძინეთ საკმარისად, ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში.
ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად. სრულფასოვანი კვება გულისხმობს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვების გამოყენებას. კვების რაციონიდან ამოიღეთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით მათ ვისაც დიაბეტი გაქვთ.
ნუ შეგეშინდებათ ინფიცირებული ადამიანების. პრევენციის წესების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში დაავადება ოჯახის შიგნითაც კი არ გადადის. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები შეგიძლიათ კართან დაუტოვოთ ერთმანეთს.
ვინც არ ხართ ინფიცირებული, ზედმიწევნით კარგად დაიმახსოვრეთ თქვენი ნორმალური მდგომარეობა. იგულისხმება ყოველდღიური, ჩვეული მდგომარეობა. ეს დაგეხმარებათ დაავდების სიმპტომების ადვილად ამოცნობაში.
ყურადღებით დააკვირდით ზოგადი მდგომარეობის მინიმალურ ცვლილებასაც კი. დაავადების შემთხვევაში, საკუთარ თავზე მუდმივი დაკვირვება საშუალებას მოგცემთ სწორად ამოიცნოთ კრიტიკული პერიოდები და დროულად ითხოვოთ სამედიცინო დახმარება. თუ ხვდებით, რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში?

• უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას
• გონების ნაწილობრივი ან სრული დაბინდვა, უჩვეულო აგზნება, გამოხატული მოუსვენრობა სხვა სიმპტომებთან ერთად.
• მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას
• გამოხატული სუნთქვის უკმარისობა
• ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში. (ტკივილის ხასიათი არ იცვლება სუნთქვის ფაზებთან მიმართებაში, მოძრაობისას. ტკივილის გამოწვევა ან დაყუჩება ან ხასიათის ცვლილება შეუძლებელია შეხებით. ტკივილი გადაეცემა ყვედა ყბას, კისერს, ზემო კიდურებს, ბეჭის მიმდებარე ტერიტორიას ან მუცლის ზედა კვადრანტს)
• უჩვეულო ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას
• საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ ღებულობთ კუჭნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო
• დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს
• ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს)
• სუნთქვის გამოხატული უკმარისობა

როგორ შევაფასოთ სუნთქვის უკმარისობა?

• ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი სუნთქვის გაძნელების გამო
• სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ, ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში)
• ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას
• ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნორმალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია <92%-ზე, ოთახის ჰაერზე ყოფნისას, პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია
• პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს.
• ქოშინი მინიმალური დატვირთვისას

სუნთქვის უკმარისობის (დისპნეა) ხარისხები:

მსუბუქი დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა არ იწვევს ჩვეულებრივი, ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვას და ის გამოხატულია მხოლოდ უჩვეულო დატვირთვისას, მაგალითად სწრაფი სიარულის ან ერთი ან ორი სართულით კიბეზე ასვლისას.

საშუალო სიმძიმის დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა გიზღუდავთ ჩვეულებრივ აქტივობებს (გამოხატულია საკვების მომზადებისას, ვერ ადიხართ კიბეებზე შესვენების გარეშე, ვერ ალაგებთ სახლს)
მძიმე დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა გამოხატულია დასვენების დროსაც, ვერ ახერხებთ მარტივ მოძრაობებს, მაგალითად ტანსაცმლის ჩაცმას.

დაავადების დინამიკის შეფასებას მნიშვნელობა აქვს იმისთვის, გავიგოთ შეგვიძლია თუ არა მკურნალობის სახლში გაგრძელება, თუ დროა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.

5. ვინ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს?

• პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების სწრაფი და დრამატული პროგრესირება (ზემოთ აღწერილია);
• პაციენტებმა, რომლებსაც თავიდანვე აღენიშნებათ საშუალო სიმძიმის სუნთქვის უკმარისობა ან მენტალური სტატუსის საგრძნობი ცვლილება;
• პაციენტებმა, რომელთა სისხლში ჟანგბადის შემცველობა თავიდანვე არ აღემატება 94%-ს (ეს მათთვის ვისაც ასეთი მონიტორინგის საშუალება აქვს);
• პაციენტებმა მაღალი რისკის ფაქტორებით.

6. ვინ უნდა მიმართოს გადაუდებელი დახმარების ცენტრებს („ემერჯენსი“)?
• პაციენტებმა სუნთქვის მძიმე უკმარისობით (მკვეთრად გაზრდილი სუნთქვის სიხშირე და მძიმე, ზედაპირული სუნთქვა, დეტალები იხილეთ ზემოთ)
• ლეთარგია, ძილად მივარდნა, გონების ნაწილობრივი ან სრული დაბინდვა
• გამოხატული მწვავე კორონარული ან გულის უკმარისობა თუნდაც მსუბუქი კოვიდ ინფექციის მიმდინარეობისას

სასურველია მიმართოთ თქვენს პირად ექიმს. მას, ვინც პაციენტის ზოგად მდგომარეობას კარგად იცნობს, საშუალება აქვს ადვილად ამოიცნოს საშიში სიმპტომები. სამწუხაროდ, ვინაიდან დაავადებისგან სამედიცინო პერსონალის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიის ეფექტური მართვისათვისთვის, ვირტუალური ან სატელეფონო კონსულტაციები ასეთ დროს მთელს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

7. მედიკამენტოზური მკურნალობა:

ანტიკოაგულაცია და ანტითრომბოტული თერაპია:
არაჰოსპიტალიზირებული პაციენტები ანტიკოაგულაციას ან ანტითრომბოციტულ მკურნალობას არ საჭიროებენ!!! ანტიკოაგულაციასა და ანტითრომბოციტულ მკურნალობაში იგულისხმება ასპირინი (იგივე კარდიომაგნილი), აპიქსაბანი, ქსარელტო, კუმადინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (სავარაუდო დასახელებებია: კლექსანი, ლოვენოქსი, ენოქსიპარინი, ფონდაპარინუქსი… სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება უამრავი განსხვავებული დასახელებით გამოიყენებოდეს). გთხოვთ ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე, განსაკუთრებით სახლში დარჩენილები. ასე შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოთ, რაც ისედაც ურთულეს კოვიდ-ინფექციის კლინიკურ კურსს განსაკუთრებით დაამძიმებს. არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენები შინაგანი ორგანოებიდან, განსაკუთრებით ხშირია სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან. ეს პრეპარატები განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც სპეციფიური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება. თუ თქვენ ექიმის დანიშნულებით უკვე იღებთ რომელიმე ამ ჯგუფის პრეპარატს, მათი შეწყვეტა ექიმის ნებართვის გარეშე არ შეიძლება! კოვიდ-ინფექციისას მათი შეწყვეტა არ შეიძლება, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს სისხლდენის რისკის გამო. კოვიდ-ინფექცია თავისთავად არ ზრდის სისხლდენის რისკს, თუ თქვენ ქრონიკულად არ განეკუთვნებით რაიმე სპეციფიკურ ჯგუფს. რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის თრომბომბოფილიებსა თუ სისხლის შედედების თანდაყოლილ ან შეძენილ პრობლემებს, სამწუხაროდ არ არსებობს სერიოზული კვლევები ამ რისკ-ჯგუფებში და შესაბამისად ზუსტი რეკომენდაციებიც. ყოველ ამგვარ შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ის უნდა გადაწყდეს ექიმის და პაციენტის ერთობლივი ძალისხმევით.
სტეროიდები: ეგრეთწოდებული დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი. გაითვალისწინეთ, დადებითი შედეგი ამ პრეპარატებით მიღებული იყო მხოლოდ მძიმე, ჰოსპიტალიზირებულ, ჟანგბადზე დამოკიდებულ პაციენტებში. ცივილიზირებულ ქვეყნებში, ისინი არ გამოიყენებიან მსუბუქი დაავადების სამართავად, მითუმეტეს სახლის პირობებში. მეტიც, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ სტეროიდების ნაადრევმა, არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა. ასევე გაითვალისწინეთ, სტეროიდების არამიზნობრივმა და არასწორი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭნაწლავის სისხლდენის განვითარებას.
ანტიბიოტიკები: ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე! კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია. ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ. ანტიბიოტიკი გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ დაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით. მსგავსი გართულებების დიაგნოსტირებას კლინიკურთან ერთად ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები სჭირდება. იშვიათ შემთხვევებში, ექიმს შეუძლია მიიღოს ანტიბიოტიკების ჩართვის გადაწყვეტილება სპეციალური კვლევების გარეშე, კლინიკურ სურათზე და პაციენტის წარსული სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით. თქვენით მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ! ასევე მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკებით მკურნალობისას დაცული იყოს ადექვატური დოზები და მედიკამენტის მიღების სწორი ხანგრძლივობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელს შეუწობთ ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ბაქტერიული შტამების ჩამოყალიბებას. ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის საზოგადოებას მოგვიანებით. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ანტიბიოტიკები ზოგ შემთხვევაში მაღალი ალერგიული პოტენციალით გამოირჩევიან. არასწორად შერჩეული ანტიბიოტიკი გავლენას ვერ ახდენს თანდართული ბაქტერიული პროცესების მართვაზე; მეტიც, შეუძლია დაამძიმოს ზოგადი მდგომარეობა გვერდითი ეფექტებით.
რემდესევირი, პლაზმა, მონოკლონალური ანტისხეულები: არც ერთი მათგანი არაჰოსპიტალიზირებულ, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტების სამკურნალოდ არ გამოიყენება.
ვიტამინები: არ არსებობს კვლევა რომელიც ადასტურებს ‘’ც’’ ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტურობას კოვიდ-ინფექციის მკურნალობაში. არსებობს შედარებით სუსტი მტკიცებულება ‘’დ’’ ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. კვლევების თანახმად, ჰოსპიტალიზირებული კოვიდ-ინფიცირებულების დაახლოებით 80%-ს აღენიშნებოდა ‘’დ’’ ვიტამინის დეფიციტი. თუმცა, ამ პრეპარატის მიღების კავშირზე გამოჯანმრთელებასთან ან სიკვდილიანობასთან ამჟამადაც არაფერი ვიცით. ცხადია, თუ თქვენ უკვე იღებთ „დ“ ვიტამინს ექიმის დანიშნულებისამებრ, უნდა გააგრძელოთ. იგივე ეხება ნებისმიერ სხვა ვიტამინსაც.
მიკროელემენტები: არ არსებობს მტკიცებულება თუთიის განსაკუთრებულ როლზე კოვიდ ინფექციის მართვაში. ამდენად, თუთიის მიღებას თქვენთვის მხოლოდ ფსიქოლოგიური სარგებლობის მოტანა შეუძლია.
მარიხუანა: არ არსებობს დამაჯერებელი სამეცნიერო მტკიცებულება მარიხუანის ეფექტურობაზე კოვიდ ინფექციისას. ექსპერიმენტებს ნუ ჩაიტარებთ საკუთარ თავზე. მეტიც, ფსიქიკური სტატუსის ზუსტი, ყოველდღიური შეფასება აბსოლიტურად აუცილებელია, მარიხუანას მოხმარებამ კი შეიძლება ეს გაართულოს.

8. რისკის ჯგუფების შეფასება.
მაღალი რისკი არ გულისხმობს რომ თქვენ უფრო ადვილად მიმღები ხართ კოვიდ-ინფექციის მიმართ. ის მხოლოდ დაავადების უფრო მძიმედ მიმდინარეობის პროგნოზულ ფაქტორად ითვლება.
მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები თავიდანვე მეტ ყურადღებას საჭიროებენ. პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ასეთმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. შესაძლებელია მათი ადრეული ჰოსპიტალიზაციაც მიზანშეწონილი იყოს, რადგან მაღალი რისკის პაციენტები რომელთაც დაავადების შედარებით მძიმე ფორმა აღენიშნებათ, დინამიკაში ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებენ.

რისკის კრიტერიუმებია:
• ასაკი >65 წელზე
• მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარები
• იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობები, როგორიცაა შიდსი, სტეროიდებით ქრონიკული თერაპია, თანდაყოლილი იმონოდეფიციტები
• ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ფილტვის ფიბროზი, ცისტიკური ფიბროზი
• კარდიოვასკულარული დაავადებები, ჰიპერტენზია განსაკუთრებით
• ონკოლოგიური დაავადებები
• სიმსუქნე (სიმსუქნის ხარისხი სპეციალური ფორმულით იანგარიშება სხეულის მასის ინდექსი=წონა კილოგრამებში/სიმაღლე სანტიმეტრებში აყვანილი კვადრატში. ნორმალური წონის ინდექსი მერყეობს 18.5 – 24.9, 25 – 29.9 ითველება ზედმეტ წონად, 30 – 34.9 პირველი ხარისხის სიმსუქნე, 35 – 39.9 მეორე ხარისხის სიმსუქნე, >40 მესამე ხარისხის სიმსუქნე)
• შაქრიანი დიაბეტი
• თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
• ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა
• ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები
• ნევროლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით დემენცია.
• სისხლის დაავადებები, როგორიცაა თალასემია (up-to-date ყველაზე პოპულარული ამერიკული სამედიცინო პლატფორმაზე დაყრდნობით ის ითვლება რისკის ფაქტორად), ნამგლისებური ანემია

9. ვის სჭირდება გუმკერდის რენტგენოლოგიური ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა?

სამეცნიერო კვლევებმა აჩვენეს, თვით ასიმპტომატური პაციენტებიც რომ გამოვიკვლიოთ კომპიუტერული ტომოგრაფიით, აღმოვაჩენთ რომ მათ ნახევარზე მეტს ფილტვების სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნება. თუმცა, ეს რაიმე ტიპის სპეციფიურ მკურნალობას არ საჭიროებს. მკურნალობის აუცილებლობას კლინიკური, ლაბორატორიული და კვლევებით მიღებული მონაცემების დაჯამების შედეგად განვსაზღვრავთ. რადიოლოგიური კვლევა საწყის ეტაპზე, მსუბუქად დაავადებულებს არ სჭირდებათ! თუ დაავადება მძიმდება და სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობს, მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო განისაზღვროს დაზიანების ხარისხი. რადიოლოგიური კვლევა სრულიად უსაფრთხო არ არის; ის მცირედ დასხივებას იწვევს, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება სპეციალური დანიშნულების გარეშე.

10. ვის სჭირდება ლაბორატორიული კვლევების ბინაზე ჩატარება?

ასეთი კვლევების აუცილებლობა მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. პაციენტმა თუნდაც ჩაიტაროს აუცილებელი ტესტები, პროფესიონალის მიერ შედეგების სწორი ინტერპრეტაციის გარეშე მათ კლინიკური ღირებულება ვერ ექნებათ. არამიზნობრივი კვლევების ჩატარებით მხოლოდ გაართულებთ იმ ადამინების მდგომარეობას, ვისაც მართლა სჭირდება მათი დროული ჩატარება და ვერ ახერხებენ რიგების გამო.

11. პოსტ-კოვიდ პერიოდის სირთულეები

გვახსოვდეს, კოვიდი ხანგძლივად მიმდინარე დაავადებაა და სრულ გამოჯანმრთელებას კვირები, ზოგჯერ თვეებიც სჭირდება.
პოსტ-კოვიდ პერიოდისთვის დამახასიათებელია ძლიერი სისუსტე, დეპრესია, შიშები, განსაკუთრებით რეინფიცირების შიში; სუნთქვის უკმარისობა (იმის მიხედვით რა სიმძიმის დაავადებასთან გვქონდა საქმე), მსუბუქი ტკივილები გულმკერდის არეში. თუ ეს სიმპტომები პოსტ-კოვიდ პერიოდში არ ღრმავდება და განსაკუთრებულ დისკომფორტს არ გიქმნით, არ უნდა გახდნენ პანიკის საფუძველი. ჩვეული ცხოვრების რიტმში დაბრუნება ძალისხმევას მოითხოვს. გაატარეთ მეტი დრო მზეზე, ღია სივრცეში (აივანი, პარკი, სოფელი, უბრალოდ ქუჩაში სეირნობა). ეცადეთ იმოძრაოთ შეძლებისდაგვარად. მოძრაობა, ვარჯიში, სეირნობა აუცილებელია ზომიერად, ისე, რომ განსაკუთრებულ დისკომფორტს არ გიქმნიდეთ. თანდათან გაზარდეთ დატვირთვა და საბოლოოდ აუცილებლად შეძლებთ ძალების სრულ აღდგენას. პოსტ-კოვიდ სინდრომის სამართავად სპეციფიური მკურნალობა საჭირო არ არის, თუ სიმპტომები განსაკუთრებულ დისკომფორტს არ შეიცავს. მსუბუქი ხარისხის დეპრესია მალევე გაივლის, როგორც კი ფიზიკურად გაჯანსაღდებით. მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში ან იოგა ამის საუკეთესო საშუალებაა.

12. ამავე დროს, გახსოვდეთ კოვიდს ახასიათებს სხვადასხვა მძიმე გართულებები და არ აგერიოთ ისინი პოსტ-კოვიდ სინდრომში. მათი ამოცნობა ხშირად ადვილი არ არის და მცირედი გაუარესების შემთხვევაშიც კი მიმართეთ პირად ექიმს. გამოჯანმრთელებიდან 4 კვირის ვადაში სასურველია გაიაროთ ექიმის კონსულტაცია. ვირტუალური კონტაქტი სრულიად საკმარისია გაურთულებელ შემთხვევებში. მძიმედ მიმდინარე დაავადებისას ექიმთან ვიზიტი სავალდებულოა გამოჯანმრთელებიდან 2 კვირის ფარგლებში.

13. იზოლაციიდან გამოსვლის წესები:

• მინიმუმ 10 დღე პირველი სიმპტომების დაწყებიდან უნდა იმყოფებოდეთ იზოლაციაში.
• იზოლაციის მოსახსნელად აუცილებელია ბოლო 48 საათი იყოს უსიმპტომო, ყოველგვარი სიცხის დამწევის მოხმარების გარეშე. იგულისხმება მეათე დღემდე ბოლო 48 საათი. თუ ცხელება უფრო ხანგრძლივად გრძელდება, იზოლაციაში რჩებით მანამ, სანამ უსიცხო 48 საათიან პერიოდს არ გადალახავთ.

• განმეორებითი ტესტი იზოლაციის მოსახსნელად საჭირო არ არის. ტესტი შეიძლება დიდი ხნით დარჩეს დადებითი, პაციენტი კი გადამდები აღარ იყოს. ტესტის დადებითობას ვირუსის რნმ-ის ნარჩენები განაპირობებენ და ასეთი ნარჩენები დაავადებას ვერ გამოიწვევენ. განმეორებით ტესტირებას საჭიროებენ მხოლოდ ის პაციენტები, ვინც ჰოსპიტლიდან სპეციალურ დაწესებულებეში ეწერებიან, მაგალითად მოხუცთა სახლებში ან სარეაბილიტაციო ცენტრებში.

14. იმუნური მეხსიერების შესახებ ჯერაც არ ვფლობთ ამომწურავ ინფორმაციას. ანტისხეულები უმეტეს შემთხვევაში 3-6 თვე ნარჩუნდება. ანტისხეულები, გაურკვეველი მიზეზით ყველა პაციენტში არც გამომუშავდება. თუმცა იმუნიტეტს ამ შემთხვევაში სხვა კომპონენტიც განაპირობებს ”T” ლიმფოციტების სახით. ამგვარი იმუნიტეტიც პირველადი მონაცემებით იგივე ხანგძლივობისაა. უკვე გვქოდა რეინპიცირების შემთხვევებიც. ხელახალი ინფიცირება აღწერილია ლიტერატურაშიც და ის დაფიქსირდა მაიმონიდის ჰოსპიტალშიც. ამდენად, დაავადების გადატანა, სამწუხაროდ, არ ნიშნავს უსაფრთხოებას.

15. ყველაზე მთავარი:

მნიშვნელოვანია არ მიეცეთ სასოწარკვეთას. კოვიდი რთული, კომპლექსური დაავადებაა, ადვილად გავრცელების პოტენციალით, თუმცა სწორი მართვის პირობებში გამოსავალი საიმედოა. ინფიცირებულთა დაახლოებით 80%-ს დაავადება უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქ ფორმაში გადააქვს. დანარჩენი 20%-დან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ მცირე ნაწილს სჭირდება და იმ მცირე ნაწილის მხოლოდ 5%-ში მიმდინარეობს კოვიდი კრიტიკულად. უმძიმესი პაციენტის გადარჩენაც ხშირად შესაძლებელია. წარმატებისთვის ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ და ზედმიწევნით ზუსტად მივსდიოთ პროფესიონალთა რჩევებს. მხოლოდ ექიმები პანდემიას ვერ მართავენ. პანდემიის მართვის მთავარი ბერკეტები თქვენს ხელშია, ჩვენო ძვირფასო ადამიანებო. მაქსიმალურად გაეცანით პროფესიული წყაროებით მოწოდებულ რეკომენდაციებს. ეცადეთ არ ენდოთ შეთქმულების თეორიებს. ცოდნა ყველაზე მძლავრი იარაღია ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებისთვის. იყავით მშვიდად. სულ რამდენიმე თვით ყველას ერთად მოგვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება. თუ ყველანი დავიცავთ პრევენციის წესებს, აღარ დაგვჭირდება ცხოვრების გაჩერება. წესების დაცვით სამსახურებშიც ვივლით, სკოლაშიც და ერთმანეთთანაც.
ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ.
გვიგულეთ თქვენს გვერდით ამ რთულ დროს.

პატივისცემით,

ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული