„შამბას დამოკიდებულება აბსოლუტურად განყენებულია იმ პოლიტიკისგან, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს და რომელიც პრაქტიკულად კონსენსუსურია. ამ ორი ადამიანის (ყოლბაიასა და შამბას) კავშირს რაც შეეხება, თუნდაც ყოფილიყო ეს ონლაინ კავშირი თუ ცოცხალი შეხვედრა, არ არის სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილების მანიშნებელი. ეს არის სპონტანურად მომხდარი ორი ადამიანის ურთიერთკავშირი, თუმცა, დამაზიანებელს ამაში ვერაფერს ვხედავ.
ეს საკითხი [პირდაპირი დიალოგი საოკუპაციო რეჟიმთან] არ დგას დღის წესრიგში, ვერც იდგება, ვინაიდან დე- ფაქტო და საქართველოს ხელისუფლებას შორის ორმხრივი ურთიერთობების პირდაპირი საუბრის, რაიმე საუბრის ფორმატი არ შექმნილა და ვერც შეიქმნება, ვინაიდან, დე -ფაქტო ხელოსუფლებაზე სერიოზული გავლენა აქვს საოკუპაციო ძალას და ჩვენი კონსულტაციები კოლეგებთან, მოკავშირეებთან, პარტნიორებთან, ჯერ -ჯერობით შემოსაზღვრულია მხოლოდ ჟენევის ფორმატით. თუმცა, კავშირები, რაც არსებობს საზოგადობებს, ადამიანებს შორის, არასამთავრობო ორგანიზციების პროექტების ფარგლებში, თუმდაც სამედიცინო დარგის მომსახურება, ბიზნესურთიერთობები არის სწორედ ის მიმართულება, რაც ახასიათებს იმ პაკეტს, რომელიც მივიღეთ ყველამ ერთად: ოპოზიციამაც, რადიკალურმაც, ზომიერმაც, კონსტრუქციულმაც და უმრავლესობამაც, ეს არის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და ამ ფორმატში ბევრი რამ არის გაკეთებული.[…] ჩვენ ვსაუბრობდით და დღესაც ვსაუბრობთ საზოგადოების წარმომადგენელთა შორის ურთიერთობებზე, არაფორმალურ ურთიერთობებზე, მათ შორის, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე შეხვედრები ჟენევაში არის ის, რაც აუცილებელია. თუმცა, რეალიზაცია შესაძლებლობებისა შორსაა იმ მიზნებისგან, რაც ჩვენ გვაქვს, ამას თავის მიზეზები აქვს. ჟენევის ფორმატი, რაც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ, არის წარმომადგენლობითობა არა მხარეების – რუსეთის და საქართველოს, რომლებმაც ერთმანეთში უნდა ისაუბრონ კონფლიქტის მოგვარებაზე, არამედ პირადი წარმომადგენლობაა, რაც ბევრმა არ იცის. შენი თავის წარმომადგენელი ხარ, არ ხარ ოფიციალური პირი. კონსულტაციებისთვის ეს ფორმატი არის ჩამოყალიბებული. მე ვფიქრობ, თავიდანვე იყო შეცდომა, როცა გაეროს სამშვიდობო მისიის ფორმატი არ შევინარჩუნეთ გალში, 2009 წლის ივნისში დამთავრდა მანდატი და შეგვეძლო გაგვეგრძელებინა ეს მანდატი იგივე სათაურით და პათოსით, როგორიც ჟენევაშია დღეს, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი და ქმედითი მექანიზმებით. ეს დანაშაულებრივი შეცდომა იყო თუ გარკვეული პოლიტიკურ ხედვაზე იყო დამოკიდებული ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს ჩემთვის უცნობია. თუმცა, აღმოვჩნდით ვითარებაში, რომ ფორმატები, სადაც საუბარი მიდის პრობლემებზე, დღემდე არ არსებობს ჟენევის გარდა“
ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.