შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე საოკუპაციო რეჟიმს დახმარება არაერთხელ შესთავაზა, თუმცა პასუხს ამ დრომდე ელოდება.
“ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმს დაუყოვნებლივ ეცნობა ხელისუფლების სრული მზადყოფნის თაობაზე ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში.
5 იანვრის დილიდანვე რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში, ანალოგიურად, არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენით ჩაქრობით, საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით.
ამ ეტაპზე ვიმყოფებით დეფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით. ვიმყოფებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში,”- თქვა თეა ახვლედიანმა.
ოკუპირებულ გალში და გაგრაში რამდენიმე დღეა ხანძარია. ცეცხლის კერები დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება.