დიალოგი გაგრძელდება, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან – პრემიერი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ მხარეებს კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდათ. მისი თქმით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციებს გამართავს.

“მინდა განვაცხადო, რომ ბატონი შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში. დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ იმ განსხვავებებზე რაც გვაქვს ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გაგვაჩნია არგუმენტირებული მოსაზრება. შევთანხმდით იმაზე, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. მე, რა თქმა უნდა, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან და შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებდით და საზოგადოებას ვაცნობებთ.

საერთო ეროვნული კონსენსუსი სჭირდება ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას დღეს. რეალურ კონკრეტულ საკითხებზე და არა განსხვავებებზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობს და ჩვენ ვადასტურებთ სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ დიალოგი”,– განაცხადა ღარიბაშვილმა.