“დიახ, აღარ მივდივარ ტრენინგზე”, – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ადასტურებს, რომ აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა. ამის შესახებ მოსამართლემ “მთავარ არხთან” განაცხადა.
გუშინ, 20 მაისს, ცნობილი გახდა რომ ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ს საელჩოს პროგრამიდან ამოაგდეს, მიზეზი მისი პოლიტიზირებული გადაწყვეტილებაა ნიკა გვარამიას საქმეზე. საელჩოს პროგრამით მოსამართლე ფინანსდებოდა სრულად იმისთვის, რომ ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაცია აემაღლებინა, მაგრამ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა ჩხიკვაძე პროგრამიდან გამორიცხეს.
მოსამართლეთა კლანის წევრზე სანქციების დაწესების საკითხი ელჩ კელი დეგანთან შეხვედრაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა დასვეს. ამ ეტაპზე უცნობია, ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის მიზეზი ეს თხოვნაა თუ არა, თუმცა ფორმულას წყაროს მიერ მოწოდებული დადასტურებული ინფორმაციით, გვარამიას საქმის მოსამართლე ამერიკაში ტრენინგზე ვეღარ წავა.