დიახ, ვიყავი ტაძარში და იმ დღესვე ამიწია სიცხემ – რას ყვება COVID-19-ით ინფიცირებული ქალი

კორონავირუსით ინფიცირებული ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ყვება, რომ ის არ არის საპატრიარქოს თანამშომელი, როგორც მედია მას მოიხსენიებდა.

მისი თქმით, შაბათ-კვირას ტაძარში ნამდვილად იმყოფებოდა, სიცხემ კი კვირა საღამოს აუწია, ასე მალე კი ვირუსი ვერ გამოვლინდებოდა, ამიტომ ხალხს მოუწოდებს, ნუ აბრალებენ მის ინფიცირებას ეკლესიას.

,,ის დაიმფიცირებული, როგორც თქვენ მიხსენიებთ, საპატრიარქოს თანამშრომელი, მე არ ვარ მინდა განვმარტო, მე ვთანამშრომლობდი საპატრიარქოსთან არსებული იოაკიმე და ანას სახელობის კლინიკაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად და არ ვიყავი პირადი თანამშრომელი პატრიარქის!

მე მარტის დასაწყისიდან საერთოდ არ ვყოფილვარ სამსახურში, არანაირი შეხება არ მქონია თანამშრომლებთან! მე როგორც ჩვეულებრივი ერის ადამიანი და მოქალაქე, ტაძრის გარდა სანამ აიკრძალებოდა, ვსარგებლობდი საზოგადოებრივ ტრასპორტით, ვსარგებლობდი მაღაზიებით, ბანკომატით, ჩასარიცხი აპარატით და რატომ ამახვილებთ ყურადღებას მარტო ეკლესიაზე?! რამდენჯერ მომიწია დიდ რიგში დგომა პროდუქტის შესაძენად დახურულ სივრცეში, ტაქსით გადაადგილება, ბანკომატიდან თანხის გამოტანა!

დიახ, ვიყავი ტაძარში ყველანაირი წესით დაცვით, დისტანციით, პირბადით, ხელთათმანით წინა შაბათ-კვირას და კვირასვე საღამოს მომცა სიცხემ, როგორც ვიცი, კორონა იმ დღესვე არ გამომჟღავდებოდა! ამიტომ მიზანმიმართულად ნუ გინდათ დააბრალოთ ეკლესიას! ნუ ხარობთ როცა არ იცით! არაფერი ხდება ღვთის გარეშე, დაუშვა ჩემზე ეს ვირუსი უფალმა და უფალივე გამომიყვანს მშვიდობით ამ მდგომარეობიდან”,- წერს ქეთი თოდუა.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევა დასტურდება, მათგან 95 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.