დიდთოვლობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვებია. როდის მოიმატებს ტემპერატურა ქვეყანაში

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო,საქართველოს  გზებზე შეზღუდვები მოქმედებებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული ნამქერისა და ლიპყინულის გამო, ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ამავე მონაკვეთზე სხვა ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგენილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ასევე, მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს ხაშური-აწყურის საავტომობილო გზაზეც.

საქართველოში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ დღეიდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი ქარბუქი და გზებზე ლიპყინული. 14 და 15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 15 იანვრიდან კი სინოპტიკოსები უნალექო ამინდს და ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ.