დიდი ბრიტანეთის სამხედრო პილოტები მზად არიან რუს პილოტებთან ბრძოლისთვის–ბრიტანეთის საჰაერო ძალების მეთაური

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აჩვენა, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალები შეიძლება ჩათრეულ იყვნენ რუსეთთან ომში. ამის შესახებ ბრიტანეთის ავიაციის  მარშალმა, მაიკ ვიგსტონმა განაცხადა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურია.

მაიკ ვიგსტონმა ინტერვიუ Sky News–ს  სამხედრო ავიაციის მსოფლიოში უდიდეს ჩვენებაზე –  Royal International Air Tattoo–ზე სტუმრობისას მისცა, რომელიც ფეიფორდის ავიაბაზაზე, ინგლისის გლოსტერშირის საგრაფოში იმართება.

ვიგსტონის თქმით, რუსეთი ახლა დიდი ბრიტანეთის და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომაც ბრიტანელი სამხედრო მფრინავები მუდმივ წვრთნებს გადიან, რათა რუსეთიდან საფრთხის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთისა და მისი ნატოელი მოკავშირეებისთვის, მზად იყვნენ რუს პილოტებთან საბრძოლველად.

“ნახეთ რა ხდება უკრაინაში. გაიხსენეთ, რა იყო მანამდე საქართველოში. რუსეთი სულ უფრო აგრესიული ხდება. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი საფრთხისთვის ამ ქვეყნის მხრიდან და ეს უმნიშვნელოვანესი გაკვეთილია, რომელიც უკრაინის ომიდან უნდა ვისწავლოთ“– განაცხადა ბრიტანელმა მარშალმა.

ვინგსტონის თქმით, ბრიტანელი სამხედრო მფრინავების მუდმივი წვრთნები მოკავშირეების პილოტებთან ერთად მათ უპირატესობას აძლევს პოტენციურ საჰაერო ბრძოლაში რუს პილოტებთან შედარებით.

“საფრთხე იმისა, რომ შეიძლება საჰაერო ბრძოლა მოხდეს, როცა ჩვენი თვითმფრინავები – F-35 ან  Typhoon –ები მტრის თვითმფრინავებს შეეჯახებიან, ძალიან რეალურია. ამიტომ ჩვენც ვემზადებით და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებსაც. ჩვენი თვითმფრინავები მზად არიან დაიცვან არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ტერიტორია, არამედ ნატოს ქვეყნებისაც.“– ამბობს ის.