2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, სახელმწიფო უწყებებმა — მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-მა და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ — ჯამში 461 ერთეული მაღალი ტექნოლოგიის ვიდეოთვალთვალის კამერა შეიძინეს.ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” სტატიაში.
”პარლამენტის შენობას გარშემორტყმულ კამერებს არაფერი გამოეპარებათ. ისინი სახეებს ცნობენ, ემოციებს აანალიზებენ და მონაცემებს ცენტრალურ ბაზაში აგზავნიან. ჩინური წარმოების ეს მაღალტექნოლოგიური სისტემები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, რათა მოქალაქეთა თითოეული მოძრაობა დააფიქსირონ.
რას ემსახურება ეს ტექნოლოგია — საზოგადოებრივ უსაფრთხოებას თუ თავისუფლების შეზღუდვას?
უკვე მეექვსე თვეა, რაც საქართველოში მასშტაბური გამოსვლები მიმდინარეობს. სწორედ ამ პროცესების პარალელურად დაიწყო სახელმწიფო უწყებების მიერ ჩინური თვალთვალის სისტემების მასობრივი შესყიდვა. კამერები განთავსდა იმ ადგილებში, სადაც მოქალაქეთა ყველაზე ინტენსიური შეკრებები ფიქსირდება — მათ შორის პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სტრატეგიული შენობების მახლობლად.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ტექნოლოგიები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ემსახურება. უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ კამერების მეშვეობით ხდება დემონსტრანტების სისტემური თვალთვალი და დაშინება.
ვიდეოთვალთვალის ახალმა ტალღამ შექმნა ახალი რეალობა: სახელმწიფო ციფრულად აკვირდება მოქალაქეებს და ამას თანამედროვე ტექნოლოგიის უმაღლესი საშუალებებით აკეთებს.
2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, სახელმწიფო უწყებებმა — მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-მა და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ — ჯამში 461 ერთეული მაღალი ტექნოლოგიის ვიდეოთვალთვალის კამერა შეიძინეს.
შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ეს კამერები განთავსდება დედაქალაქის სტრატეგიულ წერტილებში, მათ შორის პროტესტის ეპიცენტრებში.
კამერების დიდი ნაწილი ჩინური კომპანიის, Dahua Technology-ის მიერ არის წარმოებული — ბრენდის, რომელიც დასავლეთში კრიტიკის ქვეშ მოექცა ადამიანის უფლებების დარღვევების და ჩინეთის სახელმწიფო მეთვალყურეობის სისტემებთან კავშირის გამო. კომპანიის სახელი უიღურების რეპრესიის კონტექსტშიც გაჟღერდა.
პირველი შესყიდვა 2024 წლის 12 დეკემბერს განხორციელდა, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ქუჩის აქციებმა პიკს მიაღწია. „112“-მა გამარტივებული შესყიდვით შეიძინა 30 ერთეული მართვადი კამერა (PTZ), მაღალი ოპტიკური ზუმით, რომლის კონტრაქტიც შპს „ჯი-ეს-სი“-სთან გაფორმდა და ღირებულება 84,963 ლარს შეადგენდა.
ყველაზე მასშტაბური შესყიდვა კი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. შპს „დელტა კონსალტინგთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, სააგენტომ 331 კამერა 2,972,620 ლარად შეიძინა.
ამ გარიგებაში შედის არა მხოლოდ კამერების მიწოდება, არამედ მათი გარე გამოყენებისთვის განკუთვნილი უწყვეტი კვების სისტემების მონტაჟი და შემდგომი მომსახურებაც.
ტენდერი 2024 წლის 14 ნოემბერს, მასობრივი აქციების ფონზე გამოცხადდა.
სწორედ ამ ფაქტობრივი პარალელების გამო — შესყიდვების დროის, რაოდენობისა და მდებარეობის გათვალისწინებით — ექსპერტები კამერების ინსტალაციას უსაფრთხოების სტანდარტებზე მეტად პოლიტიკურ რეალობას უკავშირებენ.
რა შეუძლიათ სათვალთვალო კამერებს?
Dahua-ს PTZ (Pan-Tilt-Zoom)-ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვიდეოთვალთვალის სისტემათა შესაძლებლობები და ფუნქციები სცდება სახის ამოცნობას:
- კამერებს შეუძლიათ ადამიანის სქესის, ასაკის, სათვალის, ნიღბის ან ჩაფხუტის დაფიქსირება;
- სისტემას აქვს ემოციების ამოცნობის შესაძლებლობა — ბრაზი, შიში, დაბნეულობა, სევდა და ბედნიერება;
- რეალურ დროში ხდება ადამიანებისა და მანქანების იდენტიფიცირება – როგორც მონაცემთა ბაზებში, ისე ვიდეოებსა და ფოტოებში;
- სისტემას შეუძლია განგაშის სიგნალის გაგზავნა, თუ ვინმე არ აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს – მაგალითად, ნიღაბი უკეთია;
- შესაძლებელია ტანსაცმლის იდენტიფიკაციაც;
- ზუმირებისას კამერები უზრუნველყოფენ ზუსტ ფოკუსირებას და მაღალი გარჩევადობის ფოტოების გადაღებას.
- კამერებს ასევე შეუძლიათ ხალხის დათვლა
ყველა ეს ფუნქცია ეფუძნება ე.წ. ღრმა დასწავლის ალგორითმებს (deep learning), რაც სისტემას საშუალებას აძლევს, დამუშავებული მონაცემები დააკავშიროს ვიდეომასალასა და ფოტოსურათებთან, ანალიტიკის ბაზაზე კი გამოიტანოს დასკვნები.
ეს შესაძლებლობები აჩენს კითხვას — როდის გადადის თვალთვალი უსაფრთხოებიდან კონტროლში? ვინ აკონტროლებს მას, ვინც გვაკონტროლებს?
ირღვევა თუ არა კანონი?
ვიდეოთვალთვალის ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ საქართველოში უფლებადამცველების მხრიდან მწვავე შეფასებები განაპირობა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ერთ-ერთ ანგარიშში აღნიშნა, რომ კამერების ფუნქციური მახასიათებლები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოიყენება მასობრივი დაკვირვებისა და დემონსტრანტების იდენტიფიცირების მიზნით.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) იურისტმა შორენა ლოლაძემ ჩვენთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ შსს კამერებს იყენებს არა მხოლოდ სამართალდარღვევათა მტკიცებულებების შესაგროვებლად, არამედ რეალურ დროშიც ახორციელებს მონიტორინგს.
მისი თქმით, ჩანაწერები გამოიყენება როგორც მტკიცებულებები, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც კამერები ოპერატიულ რეჟიმში აკვირდებიან ადამიანებს და პირდაპირ ეთერში ხდება მათი თვალთვალი. ერთ-ერთი მაგალითია პირი, რომელსაც ხელში ეჭირა დოკუმენტი — შსს დაინტერესდა დოკუმენტის შინაარსით, რომელიც კამერის მეშვეობით მკაფიოდ ჩანდა.
მისი შეფასებით, სახელმწიფო ამ ფორმით არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას, რადგან მიმდინარეობს გაუმართლებლად დიდი მოცულობის ინფორმაციის შეგროვება მოქალაქეთა შესახებ.
GYLA-მ ბოლო პერიოდში ორგანიზაციამ მომზადა ორი ოფიციალური განცხადება ამ პრაქტიკის წინააღმდეგ. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ ქართული კანონმდებლობის დარღვევით — ასე მუშაობას აქვს საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის ნიშნებიც.
“ეს არის კანონდარღვევა, არ შეესაბამება არც საქართველოს კონსტიტუციას, არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას… Human Rights Watch-საც აქვს გაკეთებული შეფასება” – ამბობს შორენა ლოლაძე.
საერთაშორისო გამოცდილება: Dahua?
სამეთვალყურეო კამერების მწარმოებელი “Dahua Technology” ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ვიდეოთვალთვალის ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა. ბოლო წლების განმავლობაში კომპანია საერთაშორისო კრიტიკის სამიზნე გახდა ადამიანის უფლებების დარღვევებთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან და ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო.
2019 წელს, “Dahua Technology” დასანქცირდა აშშ-ს მიერ თავდაცვა/უსაფრთხოების სანქცირების პროგრამით ჩინეთის სინძიანის რეგიონში მეთვალყურეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო.
Dahua Technology შევიდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შავ სიაში (DoD blacklist), როგორც კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან.
Dahua შეტანილია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) მიერ დაფარული სუბიექტების სიაში.
აშშ-ში Dahua-ს (და Hikvision-ის) წინააღმდეგ მიღებულია მთელი რიგი შეზღუდვები ეროვნული უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. Dahua-ს პროდუქტის გამოყენება ფედერალურ პროექტებში აკრძალულია (კამერების გამოყენება შესაძლებელია შტატების დონეზე ან კერძო სექტორში, თუ პროექტი ფედერალურად არ ფინანსდება).
კვლევის ფარგლებში კომპანიას კითხვებით მივმართეთ. Dahua უარყოფს ბრალდებებს სამხედრო კავშირებზე და აცხადებს, რომ მისი პროდუქცია განკუთვნილია მხოლოდ სამოქალაქო უსაფრთხოების მიზნებისთვის. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ის არ ინახავს და არ ამუშავებს მომხმარებელთა მონაცემებს, ხოლო მონაცემებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უშუალო მფლობელებს — ანუ სახელმწიფო უწყებებს.
კომპანიამ თავი აარიდა უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას.
თუმცა დასავლურ დემოკრატიებში, სადაც მოქმედებს მკაცრი რეგულაციები მონაცემთა დაცვაზე — მაგალითად, ევროკავშირში ან კანადაში — კამერების მსგავსი სისტემების გამოყენება ექვემდებარება მკაფიო შეზღუდვებს. GDPR-ის თანახმად, თუ კამერა ახდენს სახის ამოცნობას ან ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებას, საჭიროა მკაცრი დასაბუთება, მიზნობრიობა და მინიმალიზაცია.
მონაცემთა დაცვის ევროპული ზედამხედველის განცხადებით, ვიდეოთვალთვალი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს, როცა ის აუცილებელია და პროპორციულია კონკრეტული მიზნის მისაღწევად — წინააღმდეგ შემთხვევაში, ის წარმოადგენს პირდაპირ ჩარევას ადამიანის პირად სივრცეში.
ამგვარი რეგულაციების ფონზე, საქართველოში მიმდინარე ვიდეოთვალთვალის პრაქტიკა კიდევ უფრო მძაფრ კითხვებს ბადებს — რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობა იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა დაცვაზეც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები პრეტენზიას აცხადებენ?
დასკვნა: უსაფრთხოება თუ კონტროლი?
საპროტესტო მოძრაობის ფონზე განხორციელებული მასობრივი შესყიდვები, ჩინური წარმოების კამერები და მათი მაღალი შესაძლებლობები აჩენს მნიშნელოვან შეკითხვებს — ნამდვილად ემსახურება თუ არა ეს სისტემა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, თუ მისი მიზანი უფრო ფართო კონტროლი და პროტესტის ჩახშობაა?
სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ კამერების გამოყენება რეალურ დროში, პროტესტის მონაწილეთა იდენტიფიცირების მცდელობები და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა — ყოველივე ეს ქმნის სურათს, რომელიც შორსაა მოქალაქეთა უფლებებისა და კონსტიტუციური პრინციპების დაცვისგან.
დასავლური სახელმწიფოები მკაცრი სტანდარტებით არეგულირებენ მსგავს ტექნოლოგიებს და კონკრეტულად ზღუდავენ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას. საქართველო კი — მიუხედავად ევროინტეგრაციის დეკლარირებული კურსისა — სულ უფრო უახლოვდება იმ სისტემურ მიდგომას, რომელიც დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის.
თუ სახელმწიფო არ წარადგენს მკაფიო სტანდარტებს, განმარტებებსა და კანონის სრული დაცვით არ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, საზოგადოების ნდობის კრიზისი მხოლოდ გაღრმავდება. ამ პირობებში, ვერც ერთი კამერა ვეღარ დაიცავს იმას, რაც თავად სახელმწიფო არღვევს — სამოქალაქო თავისუფლებებს.