დიდუბეში აფეთქება, სავარაუდოდ, უყურადღებოდ დატოვებული გაზის ონკანის გამო ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია

ტექნიკური და კომერციულ უზრუნველყოფის საკითხებში „თბილისი ენერჯის“ დირექტორის ედიშერ ხორავას განცხადებით, დიდუბეში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, უყურადღებოდ დატოვებული გაზის ონკანის გამო ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

როგორც ხორავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფართში, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი გაზის ქსელი დარღვევებითაა მოწყობილი. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ჯარიმა გათვალისწინებული არაა, თუმცა, მეპატრონეს ბუნებრივი აირის მიწოდება, დარღვევების გამოსწორებამდე, სავარაუდოდ, შეუწყდება.

„სავარაუდოდ, რაც პირველადი დათვალიერებისას ირკვევა, უყურადღებოდ იყო დატოვებული გაზის ონკანი. სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვება და შემდეგ აფეთქება.

ასევე, ერთი შეხედვით რაც ჩანს, აღნიშნულ ფართში ქსელი მოწყობილია მთელი რიგი დარღვევებით თვითნებურად, რამაც, ასევე, შესაძლოა, გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა“,- განაცხადა ხორავამ.

როგორც ის აღნიშნავს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით ათი შემთხვევა იყო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსები აფეთქებას გადაურჩა. ხორავა ბუნებრივი აირის მომხმარებლებს მოუწოდებს, გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში უყურადღებოდ არ დატოვონ.

ცნობისთვის, თბილისში, ტრანსპორტის ქუჩაზე მდებარე საცხობთან მდებარე ფართში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.