დიდ ბრიტანეთში კონსერვატორების 14 წლიანი მმართველობა დასრულდა.
ლეიბორისტულმა პარტიამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში თემთა პალატაში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. კონსერვატორების პრემიერ მინისტრი, რიში სუნაკი თანამდებობიდან გადადგა. პრემიერის პოსტს ლეიბორისტების ლიდერი, კეირ სტარმერი დაიკავებს.
ჯერ კიდევ ყველა ოლქში ხმების დათვლის დასრულებამდე გახდა ცნობილი, რომ ლეიბორისტებმა ოფიციალურად მოიგეს მინიმუმ 410 მათგანი, რაც მათ 650 ადგილიან პალატაში კომფორტულ უმრავლესობას აძლევს.
პრემიერმა რიში სუნაკმა უკვე გააკეთა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ის კონსერვატორების ლიდერის თანამდებობასაც ტოვებს, თუმცა მოგვიანებით. ძალიან ვწუხვარ – თქვა მან დაუნინგ სთრითის რეზიდენციასთან გამართულ ბოლო ბრიფინგზე.პრემიერმა სუნაკმა საკუთარ ოქში – რიჩმონდში და ნორტალერტონში გამარჯვება და თემთა პალატაში მოხვედრა შეძლო, თუმცა პრემიერის რანგში მოღვაწეობა დაასრულა.
- “დილა მშვიდობის. მალე შევხვდები მის უდიდებულეაობას, მეფეს, რათა განცხადება გადავცე პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ. ქვეყანას კი მინდა ვუთხრა, რომ პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ. მე მთლიანად მივუძღვენი საკუთარი თავი ამ სამუშაოს. მაგრამ თქვენ გამოგვიგზავნეთ ნათელი სიგნალი იმის შესახებ, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უნდა შეიცვალოს. და თქვენი გადაწყვეტილება ერთადერთია, რასაც მნიშვნელოვანია აქვს. მე გავიგე თქვენი გაბრაზება, თქვენი იმედგაცრუება. და მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ დანაკარგზე. მტკივნეულია იმაზე ფიქრი, რამდენი კარგი კოლეგა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი თემების და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, აღარ იქნებიან თემთა პალატაში. მე მათ მადლობას ვუხდი მძიმე შრომის და მსახურებისთვის. ამ შედეგის შემდეგ მე თანამდებობიდან მივდივარ. პარტიის ლიდერის პოსტს დღესვე არ დავტოვებ, არამედ მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნება ფორმალური ზომები ჩემი შემცვლელის ასარჩევად. მე ვუსურვებ სერ კეირ სტარმერს, რომელიც მალე ჩვენი პრემიერ მინისტრი გაგხდება, წარმატებებს. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი დაპირისპირება ამ კამპანიისას, ის წესიერი, ხალხის მსახურებით შთაგონებული კაცია, რომელსაც მე პატივს ვცემ. “ – განაცხადა სუნაკმა.
რიში სუნაკი დღესვე ესტუმრა ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამეს და გადადგომის თხოვნა გადასცა.
დღესვე ბუკინგემის სასახლეში მივიდა ლეიბორისტების ლიდერი, კეირ სტარმერი, რომელსაც მეფემ ფორმალურად უკვე დაავალა ახალი მთავრბის ფორმირება.
არჩევნების შედეგებმა ბრიტანული პოლიტიკა თავდაყირა დააყენა. ლეიბორისტებმა თემთა პალატაში მინიმუმ 412 ადგილი მიიღეს, რითაც წინა მაჩვენებელი 210 მანდატით გაზარდეს. იმ დროს, როცა კონსერვატიულმა პარტიამ დაახლოებით 250 მანდატი დაკარგა. ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში ვეღარ მოხვდა არაერთი ყოფილი მინისტრი, ასევე ყოფილი პრემიერ–მინისტრი ლიზ ტრასი.
მომავალმა პრემიერ მინისტრმა, კეირ სტარმერმა არჩევნებში გამარჯვებისთანავე ცვლილებების პირობა დადო.
- “თქვენ ხმა მიეცით ამას და აი, ისიც დადგა. ცვლილებები ახლავე იწყება. ჩვენ ვთქვით, რომ ბოლოს მოვუღებთ ქაოსს , და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ ვთქვით, რომ ახალ თავს დავიწყებთ, და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ დღეს ახალი თავის წერას ვიწყებთ, ვიწყებთ მუშაობას ცვლილებებისთვის, ვიწყებთ ნაციონალური განახლების მისიას და ჩვენი ქვეყნის აღდგენას.“ – განაცხადა კეირ სტარმერმა.
კონსერვატიული პარტიისთვის ამ არჩევნების შედეგები ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
რატომ დამარცხდნენ კონსერვატორები.
ექსპერტები ამბობენ, რომ კონსერვატორების დამარცხება საზოგადოებაში მათ არაპოპულარობას უფრო უკავშირდება, ვიდრე ნდობას და მხარდაჭერას ლეიბორისტების მიმართ.
ხელისუფლებაში კონსერვატორების ყოფნის 14 წლის განმავლობაში მოხდა ცხოვრების დონის ვარდნა პირველად 1950-იანი წლების შემდეგ. მათი პოპულარობის კლების მიზეზებს შორის არის სახელმწიფო ხარჯების მკაცრი ეკონომია 2008–2009 წლების ფინანსური კრიზისის, პანდემიისა და ბრექსიტის შედეგად, რამაც ვაჭრობა და ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეამცირა.
ოპოზიციისთვის საკმარისი აღმოჩნდა მოსახლეობისთვის ერთადერთი – ცვლილებების დაპირება მიეცა.
მმართვალი პარტია სოციოლოგიურ კვლევებში ოპოზიციასთან უკვე რამდენიმე წელია აგებდა, თუმცა მას ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობა და უფლება, ხელისუფლებაში ხუთწლიანი ვადის ბოლომდე – 2025 წლის იანვრამდე დარჩენილიყო.
თუმცა, პრემიერმა რიში სუნაკმა მოულოდნელად რიგგარეშე არჩევნები დანიშნა და ეს არჩევნები, როგორც მოსალოდნელი იყო, წააგო.