დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ბრიტანეთში 13 წლის მოზარდი, ისმაილ მუჰამედ აბდულვაჰაბი კორონავირუსით დაიღუპა. ის ქვეყანაში ვირუსის ყველაზე პატარა მსხვერპლია.

მოზარდი ბრინქსტონში ცხოვრობდა და კინგსის კოლეჯის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოზარდის მშობლები ამბობენ, რომ ისმაილი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც სუნთქვა გაუჭირდა და COVID-19-ის სხვა სიმპტომები გამოუვლინდა. მათი თქმით, ბიჭს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

„ისმაილი მხოლოდ 13 წლის იყო და მას არანაირი თანმდევი დაავადება არ ჰქონია. სამწუხაროდ ის ისე დაიღუპა, რომ მის გვერდით ოჯახის არცერთი წევრი არ ყოფილა. განადგურებულები ვართ“,- წერია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,მადინას” კოლეჯის დირექტორმა, სადაც გარდაცვლილის და მასწავლებლად მუშაობს, ჩამოაყალიბა ფონდი, რომლითაც ოჯახს დაკრძალვის ხარჯებისთვის თანხას შეუგროვებენ.