“დილიდან სახლში ვერ ვჩერდებოდით” – ქომაგები დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან

საქართველო – ჩრდ. მაკედონიის მატჩის დიდ ეკრანზე საყურებლად „დინამო არენასთან“ ქომაგები იკრიბებიან. საქართველო – ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩი დღეს, 12 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს.

ქომაგები, რომლებიც დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მთელ სანაპიროზე არიან შეკრებილი, ისტორიული მატჩის დაწყებას ელიან. დაწესებული შეზღუდვების გამო მათ მოუწევთ სადმე ერთ, კონკრეტულ ადგილას შეიკრიბონ, მანამდე კი საქართველოს ნაკრების მოსვლისას “ცეცხლოვაბნ დეფერანს” მოაწყობენ.

“ჩვენმა ნაკრებმა უნდა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან.  დილიდან უკვე სახლებში ვერ ვჩერდებოდით, გარეთ გამოვედით, ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ გვეძლევა საშუალება, აქედან, ქუჩიდან მაინც ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს, მაგრამ ცეცხლოვანი დერეფანი გვექნება კიდევ უფრო მაგარი, ვიდრე ბელორუსთან შეხვედრისას გვქონდა” – ამბობენ ქომაგები. 

ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, “გირჩის” წარმომადგენლები მაინც აპირებენ მივიდნენ სტადიონის მიმდებარედ, სადაც მათი ინიციატივით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული.