დიმიტრი ლორთქიფანიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კენჭს იყრის

დიდუბე-ჩუღურეთში საინიციატივო ჯგუფის სახელით დიმიტრი ლორთქიფანიძე იყრის კენჭს. მისი თქმით, ტაიმაუტი ჰქონდა აღებული, თუმცა ახლა პოლიტიკას უბრუნდება..

„მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის წინ პოლიტიკური ტაიმაუტი ავიღე და დრო მთლიანად დავუთმე სახალხო დიპლომატიის სამოქალაქო პლატფორმის შექმნას, დიასპორულ ორგანიზაციებთან, საქართველოდან წასულ თანამემამულეებთან საქმიან და სასარგებლო კონტაქტების ძიებას, ვთვლი, რომ მთელი ეს წლები სწორედ პოლიტიკური კლასის ამაღლებასა და უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენას მოხმარდა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ “გაბატონებული პოლიტიკური ლიბერალური სისტემა” უკვე ოჯახს შეეხო, “სახელმწიფოს მთავარ საყრდენს” – ეკლესიას კი ომს უცხადებენ და “ამცირებენ მომავალი თაობების თვალში”, ამიტომ ისღა დარჩენია, ხმა ამოიღოს.

„შევდივარ პოლიტიკურ ბრძოლაში არჩევნების გზით, როგორც დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის სახელით“, – თქვა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, დიდუბე-ჩუღურეთში ასევე კენჭს იყრიან – “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, “ქართული ოცნების” კანდიდატი გია ვოლსკი, “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე და “ლელოს” წევრი ლევან სამუშია.