დიმიტრი მედვედევი ახალ სამხედრო კონფლიქტებს პროგნოზირებს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ახალი სამხედრო კონფლიქტების წარმოქმნას პროგნოზირებს.

მისი თქმით, ახალი რეგიონალური სამხედრო კონფლიქტები იმ ადგილებში წარმოიქმნება, “სადაც ვითარება მრავალი წლის განმავლობაში არ მოგვარებულა მშვიდობიანად, ან იგნორირებულია ძირითადი საერთაშორისო მოთამაშეების მნიშვნელოვანი ინტერესები”.

მედვედევი ფიქრობს, რომ გააქტიურდებიან ტერორისტებიც, რადგან, მისი თქმით, “დასავლეთის ყურადღება დღეს რუსეთთან დაპირისპირებაზეა გადატანილი”.

მისივე მტკიცებით, შემცირდება საერთაშორისო ინსტიტუტების საქმიანობა, რომლებმაც ვერ დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა უკრაინაში სიტუაციის მოგვარების პროცესში, როგორიცაა, მაგალითად, ევროპის საბჭო.

ტელეგრამზე რუსი მაღალჩინოსანი წერს, რომ ჩამოყალიბდება ახალი საერთაშორისო ალიანსები, რომლებიც დაფუძნებული იქნება “პრაგმატულ და არა იდეოლოგიურ ანგლო-საქსონურ კრიტერიუმებზე”.

გარდა ამისა, მედვედევს სჯერა, რომ შეიქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელშიც დე ფაქტო, შემდეგ კი დე იურე, აღიარებული იქნება არსებული რეალობები:

“ა) საერთაშორისო ურთიერთობების ვესტერნიზებული კონცეფციების სისუსტე, როგორიცაა „წესებზე დაფუძნებული წესრიგი“ და სხვა. უაზრო დასავლური ნაგავი;

ბ) ამერიკაზე ორიენტირებული სამყაროს იდეის კრახი;

გ) მსოფლიო საზოგადოების მიერ ინტერესების არსებობა იმ ქვეყნებში, რომლებიც იმყოფებიან დასავლურ სამყაროსთან კონფლიქტის მწვავე სტადიაში”,– წერს მედვედევი.

ამასთან, რუსეთი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს მიაჩნია, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო გაძლიერდება ენერგეტიკული კრიზისი დასავლეთის ქვეყნებში, გაიზრდება საწვავის ფასები და შეიქმნება საერთაშორისო სასურსათო კრიზისი.

მედვედევი აღნიშნავს, რომ რუსეთში ფრენების აკრძალვის გამო მსოფლიოში შესაძლებელია დიდი ლოგისტიკური კრიზისი დაიწყოს.