თეთრი სახლის ცნობით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ მიუხედავად დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნისა, დასავლეთი მზადაა სხვა სცენარებისთვისაც. ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს გადაჭრით უპასუხებენ.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გადამწყვეტად უპასუხებენ და რუსეთს სწრაფ, მძიმე გადასახადს დააკისრებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს მასობრივ ადამიანურ ტანჯვას და დაასუსტებს რუსეთის პოზიციებს. ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან ცხადად თქვა, რომ მიუხედავად აშშ-ს მზადყოფნისა, ჩაერთოს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ თანაბრად მზად ვართ სხვა სცენარებისთვისაც”,– წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მ უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს. აშშ-ს ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას.