ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე რუსთავი2–ის განცხადებით მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც დასავლელმა პარტნიორებმა მოამზადეს, ჩაიშალა. ვაშაძე ამით ხსნის მის განცხადებას, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული მისი განცხადება, ოპოზიციონერმა ლიდერმა უპასუხა, რომ „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო.
„დეტალებში არ მინდა შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა“,- განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუმცა განაცხადა, რომ „ამ ადამიანებს საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ“.
რაც შეეხება ვადებს, თუ როდის, უნდა შემდგარიყო დიალოგი, ვაშაძე ამბობს: „დავკარგეთ ეს დრო, ჩაიშალა“.
ვაშაძის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებსა და მოკავშირეებში სასოწარკვეთაა.
„აღარ უნდა მივრბოდეთ ქართველები ჩვენი მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ვეხვეწებოდეთ მათ ხელმძღვანელებს, რამენაირად ერთმანეთთან დაგვალაპარაკეთ, რადგან ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, ეს უკვე კატასტროფაა. სასოწარკვეთაა საქართველოს მოქალაქეში, სასოწარკვეთა არის ჩვენ მთავარ მოკავშირეებში და სასოწარკვეთაა არის პერსპექტივაში, რაც მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმოუდგენია“,- განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ვაშაძე აცხადებს, ამ ეტაპზე გამოსავალი არის აქციების გაგრძელება და დიალოგი.