შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც 27 ნოემბერს დიღმის მასივში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 100 000-ზე მეტი ლარი გასტაცა და მიიმალა.
შსს-ს ცნობით, დაკავებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, ამიტომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის იარაღი – ხმოვანი პისტოლეტი და ყაჩაღური გზით გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, ის დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.